რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანელ სამართალდამცველებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უუნარობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“ამის ნათელი მაგალითებია ფსბ-ს ყოფილი თანამშრომლის, ა. ლიტვინენკოს მოწამვლა, ასევე ისეთი ბიზნესმენების გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილი, როგორიცაა ბ. პატარკაციშვილი და ა. პერეპილიჩნი, ბ. ბერეზოვსკის იდუმალი “თვითმკვლელობა” და მისი საქმიანი პარტნიორის, ნ. გლუშკოვის გაგუდვა, საბოლოოდ კი, სკრიპალების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაც,” – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, სკრიპალის საქმეში ლონდონმა საერთაშორისო სამართლის, ეთიკისა და, უბრალოდ, საღი აზრის ყველა ნორმა ხელყო, ვინაიდან რუსეთი “რაიმე სახის მტკიცებულების გარეშე” დაადანაშაულა.
“თან დაურთო ისეთი ქიმიური ნივთიერების სახელი, რომელიც ჩვენთან არასდროს გამოყენებულა და მასშტაბური პოლიტიკური, მედიაკამპანია აწარმოა, რითაც უბიძგა რიგ ქვეყნებს, რუსი დიპლომატები გამოეძევებინათ, ხოლო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოეცხადებინათ. გარდა ამისა, ჩვენი კანონიერი მოთხოვნა, გამოეგზავნათ აღნიშნული ქიმიური ნივთიერების ნიმუშები, [ბრიტანულმა მხარემ] უგულებელყო,”- აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებაშაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, დაადგინოს მომხდარის რეალური მოტივები და დანაშაულის ჩამდენი პირები.
დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა კრიტიკულია. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი. ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს.
სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ოდესმე პასუხს მოსთხოვდა. ოჯახის განცხადებითვე, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.