ახალი ამბები

კბილაშვილი: მზად უნდა ვიყოთ, რომ სასამართლომ ჩვენთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღოს

18 ოქტომბერი, 2013 •
კბილაშვილი: მზად უნდა ვიყოთ, რომ სასამართლომ ჩვენთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღოს

“მე ვერ გავუკეთებ იმას პროგნოზირებას, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო ახალაიას შემთხვევაში, ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია, რომ პროკურორი ამის პროგნოზს ვერ მოახდენს,” – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

 

მისი თქმით, ზოგჯერ საზოგადოებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის მისაღები:

 

“საზოგადოების მოლოდინი განსხვავდება პროკურატურის ან სასამართლოს გადაწყვეტილებისგან. უნდა დავდგეთ ამ ემოციებზე მაღლა. თუ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლო გავათავისუფლოთ პროკურატურის წნეხისგან, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ სასამართლომ ჩვენთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღოს. ამან არ უნდა გვაცდუნოს, რომ მოდით, ძველ მოდელს დავუბრუნდეთ.”


საქართველოს მთავარი პროკურორი ამბობს, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ ახალაიას საქმეზე, პროკურატურა მხოლოდ კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

 

 “სწორედ ეს არის დემოკრატიული გარდაქმნის პორცესი. ახალაიას და სხვა მაღალი ინტერესის საქმეებზე, ჩვენი გადასახედიდან, არის ძალიან კარგად მომზადებული და დასაბუთებული საქმეები, თუმცა ეს ხელს არ უშლის სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც ფიქრობს.”

 

მთავარი პროკურორის თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 100-დან 24%-ის შემთხვევაში სასამართლო მთლიანად ან ნაწილობრივ არ იზიარებს პროკურატურის აზრს:

 

“ამ რიცხვით ევროპულ მაჩვენებელსაც კი გავუსწარით”, – აცხადებს არჩილ კბილაშვილი. 


შეგახსენებთ, რომ გუშინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც ე.წ. ციხის ბუნტის საქმეს ეხება, რაზეც მოსამართლემ გადაწყვეტილება მომავალ კვირაში უნდა გამოაცხადოს. ახალაია, ასევე, კიდევ ერთი განაჩენის მოლოდინშია, რომლის გამოსატანადაც მოსამართლე უკვე რამდენიმე კვირაა გასული. ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი