ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევაში ძალის არგამოყენების შესახებ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ

28 მარტი, 2018 • 1987
ჟენევაში ძალის არგამოყენების შესახებ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ

დღეს, 2018 წლის 28 მარტს, ჟენევის დისკუსიების  შეხვედრაზე მონაწილე მხარეები ვერ შეთანხმდნენ  ძალის არგამოყენების შესახებ ზეპირი განცხადების მიღებაზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმების მიღწევა იყო.

შეხვედრამდე ქართული მხარე არ გამორიცხავდა, რომ ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ განცხადებას მხარეები მაინც მიიღებდნენ, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა აცხადებდა, “ამას არ ექნებოდა არანაირი იურიდიული ძალა, მხოლოდ – დიპლომატიური. ამასთან, მონაწილეთა ერთობლივი განცხადება არანაირად არ იყო კავშირში სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმების ლეგიტიმაციასთან. ასევე, მონაწილეებს შორის სავარაუდო ზეპირი შეთანხმება არ ხსნიდა დღის წესრიგიდან იმას, რომ რუსეთის ფედერაციამაც აიღოს იურიდიულად სავალდებულოდ ძალის არგამოყენება”.

“ყველა მხარის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, შეუძლებელი გახდა ერთიანი განცხადების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. დისკუსიის მონაწილეები გააგრძელებენ კონსულტაციებს ამ საკითხზე” – ვკითხულობთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა ერთობლივ პრეს-რელიზში.

შესაძლო ზეპირი შეთანხმება თბილისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დისკუსიის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუაც დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა.

2018 წის 9 მარტს დაურ კოვემ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ძალიან ახლოს არიან” ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ შეთანხმებასთან: – “ვიმედოვნებ, ამ რაუნდზე საშუალება გვექნება მივიღოთ ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასთანაც, ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვართ”.

ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებდა, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად გაფორმებული შეთანხმების მიღწევის საფუძველი გახდებოდა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი