“თქვენ ნახეთ, რომ ამხელა შენობა პარლამენტის ჩვენ ავაშენეთ პრაქტიკულად ერთ წელიწადში. ერთი თვე უნდოდა კიდევ, რომ გარშემო ტერიტორია მოწესრიგებულიყო. იმის მაგივრად, რომ ეს ტერიტორია მოწესრიგებულიყო – ხელოვნური ტბა, პარკი გაეკეთებინათ ქუთაისელებისთვის, გადაქცეულია საძოვრად.
გუშინ, აქ რომ გადავიფრინე, თივის ზვინებით იყო გარემოცული. ძროხებითაა სავსე აქაურობა. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პარლამენტი თანდათან გადაიქცა საძოვრად. ეს ერთია და მეორე, რაც მინდა, რომ ვუთხრა ქუთაისელებს – ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მთავრობას აქვს, არის ის, რომ პირველ ტურში დაამთავრონ არჩევნები და პირველსავე კენჭისყრაზე დააყენონ კონსტიტუციური კვორუმის დაწევის საკითხი პარლამენტის ქუთაისიდან წაღების მიზნით.
მინდა ვუთხრა ქუთაისელებს, ძალიან მიყვარხართ, დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებს მინდა ვუთხრა, არავინ არ მითხრას მე, რომ მიშა, რა დღეში ჩაგვყარეო. თქვენ აძლევთ ახლა ხმას, თქვენი გადასაწყვეტია, უნდა იყოს თუ არა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი. მე გადავწყვიტე და გავაკეთე. მერე თქვენ სხვანაირად გადაწყვიტეთ შარშან ოქტომბერში. მთელი წელი მე პირადად მიჭირავს კბილებით, რომ მათ არ აიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ პარლამენტი არ წაიღონ აქედან, ისინი ელოდებიან არჩევნების პირველ ტურში დასრულებას, რომ პარლამენტი წაიღონ აქედან. ეს ჩემზე აღარ არის დამოკიდებული, დემოკრატიაა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან ჭორის დონეზე იცის, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს უთხრა – “პინოჩეტი ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებო”:
“მე დიქტატურა არ დავამყარე, პინოჩეტი არ გავმხდარვარ, ვერც გავხდებოდი, ძალიან მიყვარხართ და ძალიან გენდობით. ყველაფერი არის თქვენს ხელში. გინდათ, რომ განვითარება გაგრძელდეს, რომელიც უკვე შეფერხდა იმით, რომ პარლამენტი უნდა გადავიდეს. თუ გინდათ, რომ დასავლეთ საქართველოს ეს კონკრეტული იმედი, ეს პარლამენტი, წყალტუბოს კურორტი, გვირაბები, ბევრი სხვა გავცვალოთ რაღაც მითიურ დაპირებულ ფულებზე, რომელსაც არც მოგცემთ არავინ, არც აპირებდა ვინმე მოცემას და არც მომავალში ნახავთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კითხვაზე, თუ რატომ არ გამოიყენა უფლება და პარლამენტში მისი ყოველწლიური მოხსენებით არ გამოვიდა, პრეზიდენტი პასუხობს:
„მე ამ პარლამენტში გამოვედი ორჯერ. მივიღე დიდი სიამოვნება. მესამეჯერაც ოდესმე შეიძლება მომეცეს საშუალება. ახლა ჩემთვის ის კი არ არის მთავარი, ამ პარლამენტში გამოვიდე, მთავარია პარლამენტი იყოს აქ. ეს ჩემი გადასაწყვეტი კი არა ხალხის გადასაწყვეტია. იმ ხალხის, ვინც აქ ცხოვრობს, ვინც ზუსტად იცის, რას ნიშნავს პარლამენტის დატოვება, ვინც წყალტუბოში ცხოვრობს. ამ ძროხების პატრონებს შეიძლება არ უნდათ პარლამენტის აქ დატოვება, საძოვარი უფრო მეტი გაჩნდება თუ პარლამენტი გაქრება, მაგრამ დანარჩენ ყველა ადამიანს, ვისაც კარგად ესმის ქუთაისის და იმერეთის პერსპექტივები, ეს სურს.“