საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი შოთა მიშველაძემ (62 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მიშველაძემ ატაცში მეორე შედეგი აჩვენა – 134 კგ, აკვრაში საუკეთესო იყო -165 კგ, ორჭიდის ჯამში კი 299 კგ დაუგროვდა. საბოლოოდ, მეორე ადგილზე გასული ბულგარელი სტილიან გროზდევი ქართველ სპორტსმენს 6 კილოგრამით ჩამორჩა (293 კგ), ბრინჯაოს მედალოსანმა, რუმინელმა იონუტ ილიემ კი ჩემპიონთან 16 კილოგრამი წააგო (283 კგ).
ამავე წონით კატეგორიაში გამოვიდა კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი რამინ შამილიშვილი, რომელსაც ორჭიდში მეხუთე ადგილი ერგო – 278 კგ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე, რომელიც პირველ აპრილს დასრულდება, ასევე გამოვლენ თათია ლორთქიფანიძე (69 კგ), ანასტასია გოტფრიდი (90 კგ), გოგა ჩხეიძე (69 კგ), რევაზ დავითაძე (85 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე – 105 კგ).