ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მიიღებენ თუ არა მხარეები განცხადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ჟენევაში დღეს გადაწყდება

28 მარტი, 2018 • 1817
მიიღებენ თუ არა მხარეები განცხადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ჟენევაში დღეს გადაწყდება

2018 წლის 28 მარტს, ჟენევის დისკუსიების დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, გადაწყდება, მიიღებენ თუ არა მხარეები ძალის გამოუყენებლობაზე ყველა მონაწილე მხარისთვის მისაღებ ზეპირ შეთანხმებას.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდის მთავარი თემა, მხარეთა  ოფიციალური ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმების მიღწევაა.

ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ განცხადებას მხარეები მაინც მიიღებენ, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა აცხადებს, “ამას არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მხოლოდ – დიპლომატიური. ამასთან, მონაწილეთა ერთობლივი განცხადება არანაირად არ არის კავშირში სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმების ლეგიტიმაციასთან. ასევე, მონაწილეებს შორის სავარაუდო ზეპირი შეთანხმება არ ხსნის დღის წესრიგიდან იმას, რომ რუსეთის ფედერაციამაც აიღოს იურიდიულად სავალდებულოდ ძალის არგამოყენება”.

შესაძლო ზეპირი შეთანხმება თბილისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დისკუსიის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუაც დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა.

“ევროპული საქართველოს”  ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შეთანხმებაში, რომელიც ,,ჟენევის ფორმატში ან ნებისმიერ სხვა ადგილას შექმნის ცრუ განცდას, რომ თითქოს პროგრესი გვაქვს”.

2018 წის 9 მარტს, დაურ კოვემ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ძალიან ახლოს არიან” ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ შეთანხმებასთან:

“ვიმედოვნებ, ამ რაუნდზე საშუალება გვექნება მივიღოთ ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასთანაც, ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვართ”.

ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად გაფორმებული შეთანხმების მიღწევის საფუძველი გახდებოდა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი