ახალი ამბები

პრეზიდენტი პრემიერზე: კონსტიტუცია უნდა წაეკითხა მაინც, მიუხედავად იმისა, რამდენი ფული აქვს

17 ოქტომბერი, 2013 •
პრეზიდენტი პრემიერზე: კონსტიტუცია უნდა წაეკითხა მაინც, მიუხედავად იმისა, რამდენი ფული აქვს

მიხეილ სააკაშვილი, ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი
მიხეილ სააკაშვილი, ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

“არ ეცალა წიგნების საკითხავად. ეტყობა, ფულის კეთება უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო მისთვის, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუცია უნდა წაეკითხა მაინც, მიუხედავად იმისა, რამდენი ფული აქვს საბანკო ანარიშზე. როდესაც ცხვრის ფარა შემობრუნდება, კოჭლი ცხვარი აღმოჩნდება სათავეში, ეს არის ძველი ხალხური სიბრძნე. ეს არა მარტო ისტორიული, ტრადიციული სიბრძნეა, არამედ ეს არის რასაც დღეს ვუყურებთ. დღესავით ნათელია, რაც მოხდა.


საქართველოში იყო ჩემი მთავრობა, რომელსაც ჰქონდა ბევრი ხარვეზები, ნაკლოვანებები, ზოგჯერ თავში ავარდნები, გადაცდომები და ა.შ. რა თქმა უნდა, გვქონდა, მაგრამ ეს იყო მთავრობა, რომელიც განუწყვეტლივ, დღედაღამე აშენებდა და აკეთებდა, აი, პარლამენტი ამის ნათელი მაგალითი. მერე მოვიდა მთავრობა, რომლის მაგალითი არის ეს ყველაფერი გარშემო – საძოვრები, დაყრილი ნაგავი, გავერანებული გარემო, პროექტი, რომელიც მოსპეს. იყო მთავრობა მშენებლების და მკეთებლების და არის მთავრობა დამპაუზებლების და გამჩერებლების და თვალი იმაზე აქვს, კიდევ რომელი პროექტი შეაჩერონ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ქუთაისში ვიზიტის დროს.


პრეზიდენტის თქმით, “როდესაც კალაპოტიდან გადმოდის მდინარე, მიდგება–მოდგება, მიანგრევს–მოანგრევს და შემდეგ დგება კალაპოტში”:


“მე დარწმუენბული ვარ, რომ საქართელოს განვითარება დაუბრუნდება ამ კალაპოტს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაუგებრობა, რბილად რომ ვთქვათ, არ შეიძლება გაგრძელდეს. 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ხალხმა თვალებში გამოიხედა, ბევრ რამეში გაერკვა, ბევრი რამე გაიგო, შედარების უნარი აქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, კალაპოტს დაუბრუნდება მდინარე, საქართველო გააგრძელებს განვითარებას, სწორი მიმართულებით სვლას და ეს ყველაფერი მოგვეჩვენება, როგორც ძალიან კოშმარული სიზმარი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი