ახალი ამბები

კახა გოგოლაშვილი: NPA-ს რეზოლუციაში საქართველოსთვის MAP-ის გადაცემაზეა საუბარი

17 ოქტომბერი, 2013 •
კახა გოგოლაშვილი: NPA-ს რეზოლუციაში საქართველოსთვის MAP-ის გადაცემაზეა საუბარი

თუმცა, როგორც გოგოლაშვილმა “ნეტგაზეთს” ზემოხსენებული დოკუმენტის კომენტირებისას განუცხადა, რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს წევრი ქვეყანები შემდეგ სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის გადაცემას მოითხოვენ:

 

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუცია მიიღება უმრავლესობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის დელეგაცია ამ რეზოლუციას მხარს უჭერს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რომელიმე საპარლამენტო დელეგაციამ რომც დაუჭიროს მხარი რეზოლუციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის მთავრობას აქვს ვალდებულება იგივე გადაწყვეტილებას სამიტზეც დაუჭიროს მხარი. ეს არ არის სავალდებულო”.

 

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის რეზოლუციებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სასარგებლო პოლიტიკური ამინდის შესაქმნელად:

 

“ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ, ვინც საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების იდეას უჭერენ მხარს, ჰქონდეთ დამატებითი არგუმენტი. ასევე, ჩვენც გვქონდეს დამატებითი არგუმენტი.  ეს პოლიტიკური რეზოლუციები და დეკლარაციები გროვდება, რა თქმა უნდა, და თავისთავად გარკვეულ ამინდს ქმნის, თუმცა არანაირ გარანტიას არ იძლევა იმისა, რომ სამიტზე იქნება დადებითი გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც საქართველო მიიღებს MAP-ს, ან მოხდება რაღაც ინსტიტუციური წინსვლა ნატოში”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე MAP-ის მიღების იმედი ნაკლებია, რადგან ნატოს წევრ ქვეყნებს აკმაყოფილებთ საქართველოსთან ის ინსტიტუციური ურთიერთობა და ამ თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, რომელიც ბუქარესტის სამიტზე დაფიქსირდა. “ნეტგაზეთის” კითხვას, რატომ არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების შანსი მცირე, გამომდინარე თუნდაც იმ რეზოლუციიდან, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, პოლიტოლოგი ასე პასუხობს:

 

“ამ ეტაპზე ნატოს ქვეყნებს არ აქვთ დიდი მოტივაცია, რომ საქართველო გააწევრიანონ… ჩვენ გვაქვს მოტივაცია და ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ ნატოს ქვეყნებს აქვთ სხვა პრობლემები და მიზნები. ამიტომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მათთვის პრიორიტეტად არ ითვლება”.

 

კითხვას, რა პრიორიტეტები და მიზნები აქვს ნატოს, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ინტეგრაციაში უშლის ხელს და ეს დახურული თუ ღია პრიორიტეტებია, იგი პასუხობს:

 

“ღიაც და დახურულიც. უამრავი გამოწვევა არსებობს, რომელსაც ნატო ჯერ ვერ უმაკვალდება: ავღანეთის საკითხი, ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობა და ათასი სხვა საკითხი, იგივე, სარაკეტო ფარის საკითხი, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები და ვერმიღწეული გადატვირთვა… გაფართოება ამ ეტაპზე არ არის პრიორიტეტული, რადგან ამაში ნატო ვერ დაინახავს იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, უფრო პირიქით, შეიძლება რაღაცები გამწვავდეს, იგივე, რუსეთთან რაღაც საკითხებში მოლაპარაკებები შეჩერდეს. ახლა ამისთვის თვითონ ნატო არ არის მზად”, – აცხადებს იგი.

 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულება და 2014 წლის სამიტზე გაფართოების მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები გადადგან. 2013 წლის 11-14 ოქტომბერს დუბროვნიკში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებული იქნა რეზოლუცია სახელწოდებით „Furthering stability and the Euro-Atlantic Prospects of the Western Balkans”, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის მოხსენიებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი