ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე პრემიერს სასამართლოში უჩივლებს და მისგან სოლიდურ თანხას მოითხოვს

17 ოქტომბერი, 2013 •
გიორგი თარგამაძე პრემიერს სასამართლოში უჩივლებს და მისგან სოლიდურ თანხას მოითხოვს

როგორც ქდმ–ს ლიდერმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, იგი აპირებს, რომ ის თანხა, რომელსაც სასამართლო ივანიშვილს დააკსირებს მისი ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის, საქართველოში ენერგეტიკის განვითარებას და მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას მოახმაროს:

 

“აღარც ვიცი, გამეცინოს მის [ივანიშვილის] ამგვარ გამოხტომებზე, თუ მართლა სერიოზულად გავბრაზდე. უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირის მხრიდან გაკეთებული განცხადების ის შინაარსი, რომელიც, პრაქტიკულად, სახელმწიფო ღალატში ბრალდებას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ვერ დარჩება ჩემი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებისა და პასუხის საგანი. იურისტებთან შესაბამისი კონსულტაციის შემდეგ მე ვეცდები, რომ მივმართო სასამართლოს, რადგან თუკი ქართულ სალიტერატურო ენაში ივანიშვილს არ ესმის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი და მნიშვნელობა და ვერ ხვდება, რომ სახელმწიფო ღალატში პოლიტიკური ლიდერის და პრეზიდენტობის კანდიდატის დადანაშაულება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არის უსერიოზულესი სამართლებრივ–პოლიტიკური ბრალდება, მე, რა თქმა უნდა, სასამართლოს მეშვეობით ვეცდები, რომ ავუხსნა მას ამ სიტყვის მნიშვნელობა და პასუხიც აგოს, თანაც საჯაროდ, არა მხოლოდ ჩემი ამომრჩევლის წინაშე, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე. მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან საინტერესო პრეცედენტი. იურისტები შეისწავლიან ამ ბრალდებას შინაარსს”, – აცხადებს თარგამაძე.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, დაახლოებით რა ოდენობის თანხა შეიძლება მოითხოვოს მან მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის, იგი ასე პასუხობს:

 

“თავად ბატონი ივანიშვილი ძალიან ჭაკად არის საკუთარი დაპირებების შესრულებაზე და ვეცდებით, რომ დავეხმაროთ ამ თვალსაზრისით და ქართულ ენერგეტიკაში, რადგან ეგ კაცი არაფრის ჩამდები არ არის ქართველი ხალხის სასიკეთოდ. ამიტომ სასამართლოს მეშვეობით დავეხმარებით, რომ სოლიდური თანხა, რომელსაც სასამართლო დააკისრებს მას ცილისწამებისა და სახელმწიფო ღალატში ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო, მივმართოთ სწორედ ქართული ენერგეტიკის სასიკეთოდ. მე ძალიან ძვირად მიღირს ჩემი ღირსება და რეპუტაცია, ამდენად, საუბარი იქნება ძალიან ბევრ ნულიან რიცხვზე, 1 მილიარდ ლარზე… ამავე დროს ჩემი ირიბი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება, რომ ბატონი ივანიშვილის ფინანსური რესურსები მისი დაპირებების შეუსრულებლობის კვალობაზე მივმართოთ ქართული ენერგეტიკის სასიკეთოდ. მე წინასწარ გამოვაცხადებ თანხას, რომელსაც სასამართლოს მეშვეობით მოვიგებ, საით მივმართავ. ეს იქნება ქართული ენერგეტიკა, საქართველოში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა”, – განაცხადა თარგამაძემ.

 

“გიორგი თარგამაძეს აქვს 1 თუ 2 პროცენტი, ამ კაცს მუდამ ეჭირა პოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგოდ  და მოღალატის ეტალონს გავს ეს კაცი ჩემს თვალში, ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და საპირისპირო პოზიცია ეჭირა, იმასაც კი 1–2 პროცენტი აქვს, მე ამ ხალხსაც გაგებით ვეკიდები, მესმის, რომ ბევრს არ აქვს ანალიზის გაკეთების უნარი და კიდევ ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. არ იფიქროთ, რომ მე ის პოზიცია მაქვს, რომ მხოლოდ ჩვენ უნდა დაგვიჭირონ მხარი, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ანალიზის საშუალება, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი, ასეთი საზოგადოება უნდა მივიღოთ ჩვენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

თარგამაძის თქმით, ივანიშვილის დღევადნელი განცხადება მოწმობს, რომ იგი არც დემოკრატია, არც განათლებულია და არც ზრდილობიანი.

 

“სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტს ლაპარაკობს და უპირისპირდება დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს, ყველა ვხვდებით, რომ ძალიან დიდ გაუგებარობაში ვართ მოხვედრილი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი