ამჯერად პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებზე და მის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.
“სააკაშვილი ენატრება ზოგიერთს, და უნდათ რომ წავიდე. თუ გინდათ, ჟურნალისტებსაც გავიხსენებ, “მაესტროს” ჟურნალისტებს, მათ აბსოლუტურად გამოხატეს თავის დამოკიდებულება გეგელიას და ტრაპაიძის გადაცემაში. კარგად ჩანს, როგორ ენეტრებათ მიშა. როგორ გავბედე მე და მათგანაც მოვითხოვე, რომ არგუმენტირებული იყოს შენიშვნები. ვერ მოახერხეს განაწყენების დაფარვა, და წავიდესო, რა, თავი დაგვანებოსო. მიშა კი არის ისეთიო, მაგრამ რაღაც ფორმებს იცავდა, დაახლოებით ესე გამოუვიდათ.”
ივანიშვილის თქმით, ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ მედია უნდა იყოს მაკრიტიკებელი, ჩასაფრებული, მაგრამ მათი ბრალდებები არგუმენტირებული უნდა იყოს და თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, შეგნებულად არ უნდა მიჩქმალონ ფაქტები.
“გირგვლიანის საქმეზე. ამ ჟურნალისტებმა მშვენივრად იცოდნენ, მათთანვე იყო პროკურორის ეს საუბარი და მიივიწყეს. ეს არის ჟურნალისტიკა, არ უნდა გაეხსენებინათ, რომ მათთან იჯდა პროკურორი? მე მგონი, მაესტროს ჟურნალისტები ცოტა დაიბნენ და მგონი დაგოიმდნენ. ეგონათ, ეს არის მათი ფუნქცია, კარგად იქცევიან თუ ცუდად, მაინც უნდა ვლანძღოთ. მე მგონი, ცოტა დაიბნენ და გადააჭარბეს თავის უფლებებს.”
პრემიერის ამ განცხადებაზე “მაესტროს” ჟურნალისტები, თეონა გეგელია და დიანა ტრაპაიძე კომენტარისგან თავს იკავებენ.
“დღევანდელ ჩვენს გადაცემაში, მოკლედ, ერთი წინადადებით გავაკეთებთ კომენტარს ამის შესახებ,”- განუცხადა თეონა გეგელიამ “ნეტგაზეთს.”
მედიასთან 2 ოქტომბერს გამართული შემვედრის დროს ივანიშვილმა ჟურნალისტებზე- ვახო სანაიაზე და ალეკო ელისაშვილზე ისაუბრა.
“ძალიან ხშირად რესპოდენტების შერჩევა ბევრ კითხვას ბადებს, დემაგოგიით გამოირჩევიან. მაყურებელი გადაუმუშავებელ ინფორმაციას იღებს, უჭირს, გაიგოს რეალობა.”
მისი მაშინდელი განცხადებით, მედია, რომელიც საზოგადოების დაკვეთას უნდა ასრულებდეს, ნაკლებად ახერხებს ამას.
“ჟურნალისტი ვერ აკეთებს ან არ აკეთებს ჩაკითხვას რესპონდენტთან, და გადაამოწმოს პოზიციები, რომელსაც რესპონდენტი პასუხობს, და ეს არის ძირითადი პრეტენზია. არ სვამენ ძირითად კითხვებს.”
პრემიერის თქმით, საზოგადოებას და მასაც აქვს განცდა, რომ მედიის პასუხისმგობლობის გრძნობა უნდა ამაღლდეს.
“ჟურნალისტს ყველაფრის უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს მომავალშიც, მაგრამ თქვენს გამონათქვამებში მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნობოდეს.”




