ახალი ამბები

სურამში ხეები ავტობანის გასაყვანად მოჭრეს – სამინისტრო

27 მარტი, 2018 • 2553
სურამში ხეები ავტობანის გასაყვანად მოჭრეს – სამინისტრო

სოციალურ ქსელში 26 მარტს მოქალაქე ოთო კიკნაძემ გაავრცელა სურამში მოჭრილი საღი ხეების ფოტოები, მათ შორის, უმეტესობა ფიჭვია. ნეტგაზეთს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტობანი უნდა გავიდეს, ხოლო ხეებს მთავრობის განკარგულებით ჭრიან.

“სურამში, ავტობანის გაყვანის მიზნით, სპეციალური ჭრები სურამის სატყეო უბანზე მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო ტყის ფონდში აღარ შედის. ჭრები ხორციელდება მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ხოლო, მოჭრილი ფიჭვის მორები, დასაწყობებულია ხაშურის სატყეო სამსახურში,” – გვითხრეს სამინისტროში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

სამინისტროს განცხადებით, მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება­ჩაბარების აქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი