პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით 200-მდე ღონისძიება ჩატარდება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით  დაახლოებით ორი ასეული ღონისძიება ჩატარდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე.

“წელს 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ.

ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც შემოგვიერთდა და მე მინდა, მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში.

საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს და მინდა, ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ამ იუბილეს განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი – დღეიდან მოყოლებული, ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ ტრადიციულ, საყოველთაო დღესასწაულებს.

26 მაისი უნდა იყოს, სწორედ, ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები. 26 მაისს, 17:10 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ, შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ის უდიდესი დღესასწაული, რომელიც ჩვენი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს უკავშირდება. დაახლოებით, ორი ასეული ღონისძიებაა დაგეგმილი. განრიგსა და სხვა კონკრეტულ ინფორმაციას დეტალურად მივაწვდით მოსახლეობას”, – განაცხადა პრემიერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com