ახალი ამბები

როგორ პირობებში შრომობდა და დაიღუპა ჭიათურის მაღაროში ზაზა აბრამიშვილი

26 მარტი, 2018 • 2616
როგორ პირობებში შრომობდა და დაიღუპა ჭიათურის მაღაროში ზაზა აბრამიშვილი

45 წლის ზაზა აბრამიშვილი, რომელიც წუხელ ჭიათურის მაღაროში ლოდების ჩამონგრების შედეგად დაიღუპა, წლების განმავლობაში მუშაობდა გვირაბების გამყვანად. მას ცოლი და ორი შვილი ჰყავდა.

უბედური შემთხვევა ღამის 2-3 საათისთვის მოხდა, ხოლო ცხედარის ნანგრევებიდან ამოტანა შუა დღისით მოხერხდა. მანამდე მაღაროში გაწმენდითი და ძებნითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

სამთო მასის ჩამოშლას დაღუპულის თანამშრომელი შეესწრო, რომელიც რამდენიმე წამით ადრე ინსტრუმენტის მისატანად წავიდა და გაერიდა შემთხვევის ადგილს.

როგორც მაღაროელები ამბობენ, ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა. მათი ინფორმაციით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, გამოსაკვლევია, თუ რატომ იყო გადაუმაგრებელი ის ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და რატომ მუშაობდა ბრიგადა ღია სამთო მასის ქვეშ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მაღაროელის დაღუპვამდე, უსაფრთხო შრომის მოთხოვნით, ჭიათურაში აქცია დაგეგმეს

  • ზაზა აბრამიშვილის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე, პროფკავშირების ორგანიზებით, მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო მსვლელობა დაგეგმეს ღირსეული და უსაფრთხო შრომისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი