ახალი ამბები

ბურჯანაძე არჩევნებში მიღებული ყველა ხმის დაცვას აპირებს: “ძალიან ბევრი მომხრე მყავს”

15 ოქტომბერი, 2013 •
ბურჯანაძე არჩევნებში მიღებული ყველა ხმის დაცვას აპირებს: “ძალიან ბევრი მომხრე მყავს”

 

როგორც მან დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსახლეობას მის შეხვედრებზე მისვლის შედარებით უფრო ნაკლებად ეშინია, აღარ არის მასობრივი ტერორი და ეს ჩანს. თუმცა, მისივე თქმით, საარჩევნო გარემო აბსოლუტურად თავისუფალი და სამართლიანი არ არის, რადგან ყველა კანდიდატს თანაბარი პირობები არ აქვს. ბურჯანაძის მტკიცებით, რეგიონებში ადგილებზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაციონალები და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გარიგებული არიან ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის თქმით, მას სჯერა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან ხდება.

 

“ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და იმასაც, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი. ბოლო 20 წელია ჩაკეტილ წრეში ვიყავით, ვერ ვაღწევდით მას თავს, იყო იმედები განვითარების, მაგრამ ჩნდებოდა პრობლემები, რომელიც უკან გვწევდა. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ მანიპულირებული წრე. ამ არჩევნებზე წყდება ბედი იმისა, თუ რა გზას ვირჩევთ ჩვენ: გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის არჩევანი გააზრებული და დაფიქსრებულია, თუ თავსმოხვეული, ემოციური ან ვინმეს ხათრით გაკეთებული. ქვეყანა რთულ ვითარებაში იმყოფება, როგორც საგარეო, ასევე საშინაო მიმართულებით, და მნიშვნელოვანია, რომ გარღვევა მოხდეს პოზიტიური კუთხით. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი კომპეტენციის სასარგებლოდ გაკეთდეს. არ უნდა გაგრძელდეს მახინჯი კოჰაბიტაცია”, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ იგი “ქართული ოცნებისაგან” განსხვავებით, “რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ნაცმოძრაობას 40% დაუთმო”, საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ ყველა ხმას დაიცავს იმ ერთგული მომხრეების დახმარებით, რომელიც მას ჰყავს.

 

“მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს “, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ არჩევნების დღეს მისი პარტიის წევრები გაყალბების უფლებას არავის მისცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი