როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები რამდენიმე თვის განმავლობაში მონიტორინგს ახორციელებდნენ, რომლის შედეგადაც 9 სოფლის სკოლის მშენებლობა გადაწყდა.
ყველაზე დიდი სკოლა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში აშენდება, სკოლა 1000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ქარელის რაიონის სოფელ აბანოში სკოლა დაიტევს 90 მოსწავლეს, თეთრიწყაროს რაიონში სოფელ სამაღრეთში – 144 მოსწავლე, ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირი – 120 მოსწავლე, მარნეულის რაიონის სოფელი ახალი დიოკნისი – 144 მოსწავლე, მცხეთის რაიონის სოფელი მუხრანი – 240 მოსწავლე, ჩოხატაურის რაიონის წიფნარი – 60 მოსწავლე, მცხეთის რაიონის სოფელი წილკანი – 450 მოსწავლე და ახალქალაქის რაიონის სოფელი ბუღანაშენი – 120 მოსწავლე.
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, სკოლების მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაუჯდება:
“აღნიშნული 9 სკოლა მთლიანად საქართველოს ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული და დაახლოებით 24 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი კონკრეტულად ამისთვის. საქართველოს ბიუჯეტი მიმდინარე წელს დაახლოებით 62 მილიონ ლარს გამოყოფს სკოლების რეაბილიტაციისთვის, გარდა ამისა, დაახლოებით 150 სკოლა იქნება სრულად რეაბილიტირებული”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ახალი სკოლების მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და მათი უმრავლესობა ერთ წელიწადში დასრულდება. თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლების მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, მისივე თქმით, სკოლები გამორჩეული იქნება არა მხოლოდ ფასადური სილამაზით, არამედ მშენებლობის ხარისხით და კომფორტულობით.





