ახალი ამბები

OSCE/ODIHR: საარჩევნო კამპანია დაძაბული კოჰაბიტაციის ფონზე მიმდინარეობს

15 ოქტომბერი, 2013 •
OSCE/ODIHR: საარჩევნო კამპანია დაძაბული კოჰაბიტაციის ფონზე მიმდინარეობს

– წინა არჩევნების დროს აღმოჩენილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, პარტიისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელ სამართლებლივ აქტებში ცვლილებები 2013 წლის აგვისტოში იქნა შეტანილი. თუმცა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მოსაუბრე მხარის ნაწილი შეშფოთებულია მოცემულ საარჩევნო პერიოდში აუდიტის სახელმწიფო სამსახურის კონტროლის დაბალი
დონით;

 

– კამპანია მმართველ კოალიცია „ქართული ოცნებასა“ და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ და პარტიულ ლიდერებს შორის დაძაბული კოჰაბიტაციის ფონზე მიმდინარეობს. ამას ემატება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ხელმძღვანელი პირის, მათ შორის, გენერალური მდივნის, დაკავება და წინასწარი პატიმრობა. მეტიც, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდა ადგილობრივ დონეზეც. საარჩევნო გარემოზე უარყოფითად იმოქმედა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ განცხადებებმა;


– 2012 წლის არჩევნებთან შედარებით მედიასივრცე ნაკლებად პოლარიზებულადაა მიჩნეული, ხოლო ჟურნალისტები ძირითად პოლიტიკურ მოვლენებს უფრო ნეიტრალურად და მიუკერძოებლად აშუქებენ. თუმცა კრიტიკული ანალიზისა და ანალიტიკური რეპორტაჟების ნაკლებობა კვლავაც აღინიშნება.

 

ანგარიშში იმ დადებით ტენდენციებზეც არის საუბარი, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში ფიქსირდება საქართველოში:

 

– ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციით, საარჩევნო კოდექსსა და კანონში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ცვლილებები, საერთო კონსენსუსის საფუძველზე, უკანასკნელად 2013 წლის ივლისში შევიდა. ცვლილებების შეტანას წინ საჯარო განხილვები უძღოდა;


– კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი გამჭვირვალედ და ყოვლისმომცველად წარიმართა;

 

– ცესკო ეფექტურად და გამჭვირვალედ მუშაობს.

 

OSCE/ODIHR-ის ანგარიშის მიხედვით, კანდიდატები, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე მეტად ჩანან, არიან გიორგი
მარგველაშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“), დავით ბაქრაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და ნინო ბურჯანაძე („დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“). ხოლო ყველა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ გაღებული დეკლარირებული შემოწირულობების ჯამმა (1 ივლისიდან 22 სექტემბრამდე პერიოდში) 2,175,308 ლარი შეადგინა:

 

“მიუხედავად იმისა, რომ კორპორატიული შემოწირულობის აკრძალვა გაუქმდა, იურიდიული პირისაგან შემოწირულობა არცერთ კანდიდატს არ მიუღია”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

OSCE/ODIHR-ის ანგარიშის მიხედვით, დღესდღეობით ცესკოში ოცამდე საჩივარი შევიდა. საჩივრები ეხება საჯარო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებას, რაც მათ კანონით ეკრძალებათ, ამომრჩეველთა მოსყიდვას და კამპანიის ჩატარებას საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ. საჩივართა უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა.


 

 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისია (EOM) საქართველოში 19 სექტემბერს გახსნა. სადამკვირვებლო მისიას მატეო მეკაჩი ხელმძღვანელობს. მისია შედგება თბილისში მყოფი 16 საერთაშორისო ექსპერტისა და ქვეყნის სხვადასხვა ადგილას გადანაწილებული 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი