ახალი ამბები

კალაძე: ოკუპაციის მსხვერპლების უკვდავსაყოფად თბილისში პარკი გაშენდება

22 მარტი, 2018 • 2079
კალაძე: ოკუპაციის მსხვერპლების უკვდავსაყოფად თბილისში პარკი გაშენდება

თბილისის მერი, კახა კალაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ოკუპაციის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად თბილისში პარკი გაშენდება, სადაც მათი სახელობის მემორიალს დადგამენ.

კალაძის თქმით, დაიწყებაშესაბამისი ადგილის შერჩევა, მემორიალის პროექტზე კი – კონკურსი გამოცხადდება.

“ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არა მარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას. 

მინდა გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება – მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვის თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც. 

ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს,”- წერს კალაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 

გუშინ, 21 მარტს Manifest. ge-ზე შეიქმნა პეტიცია, სადაც, მოითხოვენ, რომ თბილისში მოსკოვის გამზირზს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას.


არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გუშინ, 20 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს. მას ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა თითქმის ერთი თვე გაჭიანურდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

ოსური მხარის ცნობით, “რუსულმა დამოუკიდებელებმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა, და გარდა ამისა, მას ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი. ასევე, მის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე აღინიშნება იარები და ჩალურჯებები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მიყენებულ მსუბუქ დაზიანებად კვალიფიცირდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი