კვირას, 13 ოქტომბერს, მოსკოვში, დასავლეთ ბირიულევოს რაიონის ქუჩებში მოქალაქეები ახალგაზრდა კაცის მკვლელის დასჯის მოთხოვნით გამოვიდნენ.
25 წლის ეგორ შერბაკოვი მეგობარი გოგოს თანდასწრებით ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს მოკლეს. მას ცივი იარაღით მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, მკვლელი არასლავური გარეგნობისაა. აქციის მონაწილეები პოლიციისგან საქმის სასწრაფოდ გამოძიებას და მკვლელის დასჯას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა “ბოსტნეულის ბაზის” დახურვა და საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება მოითხოვეს.
როგორც რუსულენოვანი საინფორმაციო წყაროებით ირკვევა, აქციის ცალკეულმა მონაწილეებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა სცადეს, თუმცა პოლიციამ სავაჭრო ცენტრში არეულობა აღკვეთა. აქციის მიმდინარეობისას, ემიგრანტების ძიებაში, ახალგაზრდა მოქალაქეების ჯგუფი სავაჭრო ცენტრიკენ “ბირიუზა” გაემართა. მათ სავაჭრო ცენტრის ვიტრინების მსხვრევა დაიწყეს და შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. შეტაკებების დროს ცენტრის ორი მცველი დაზარალდა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დღის ბოლოს სამართალდამცავებმა 400 მოქალაქე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მოსკოვის მერმა და შსს-ს ხელმძღვანელობამ განაცხადეს, რომ არეულობების გამომწვევმა პირებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. მკვლელის დადგენის პროცესი კი მიმდინარეობს და “გაცემულია ბრძანება, რომ ქალაქის ბოსტნეულის ბაზები იყოს დათვალიერებული, რომელიც “მუდმივი დაძაბულობის წყაროა” დედაქალაქის მიმდებარე რაიონებში.”





