“დეტალებზე იყო საუბარიი, მაქსიმალური გააკეთა სასჯელააღსრულების დეპარტამენტმა. დროულად გახსნა კარები, რათა დროულად ჩატარებულიყო ის ქმედებები, რაც დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის არის საჭირო. დავათვალიერეთ ის საკანი, სადაც პირველ პატიმრობაში ცხოვრობდა. უშალო საუბარი შედგა [გარდაცვლილის] მამასა და სოზარ სუბარს შორის. მინისტრმა თქვა კატეგორიულად, როგორც კორტავას შემთხვევაში, გააკეთებს მაქსიმალურს, რომ ეფექტური იყოს გამოძიება, აღნიშნა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში მზადაა ითანამშრომლოს პროკურატურასთან, ხელი შეუწყოს გამოძიებას და თუკი რამე იქნება, ხელს არ დააფარებს არავის და ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს”.- განუცხადა “ნეტგაზეთს” ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.
მისივე თქმით, დროის უმოკლეს ვადაში მოხდება ვიდეოფირის გახსნა, რომელიც კორიდორში იყო დამონტაჟებული და სადაც აღბეჭდილია, არასრულწოვანის საკანში შესვლის მომენტიდან მის გარდაცვალებამდე, თუ ვინ შედიოდა მასთან.
სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში, ქუთაისში 16 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა სუიციდის ფაქტს. თუმცა გარდაცვლილი გოგა ძველაიას მამა ვარაუდობს, რომ მისი შვილი მოკლულია.
“ნეტგაზეთის” შეკითხვას, ხომ არ შეცვლილა ოჯახის წევრების დამოკიდებულება შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა უპასუხა:
“ვერ გეტყვით, ერთი წუთი რომ არის ეს პოზიცია, მეორე წუთში ეს პოზიცია იცვლება. ოჯახს შეიძლება მისი პოზიცია ჰქონდეს, საერთო სურათიდან გამომდინარე იურისტებს სხვა პოზიცია ჰქონდეთ. რეალურად ძალიან ბევრი ვერსიაა გადასამოწმებელი. როცა თითოეული ვერსია შემოწმდება, დაიდება ექსპერტიზის მასალები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა მოვა. საერთო სურათი შექმნის ბოლო, შემაჯამებელ დასკვნას”- განაცხადა ადვოკატმა.
ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტის, მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილი სრულყოფილად დაათვალიერა:
“სიმაღლე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მისი სხეულის ზომის გათვალისწინებით. იყო თუ არა ახლოს ნივთები და საგნები, ეს ყველაფერი ვნახეთ, გადავიღეთ და გავზომეთ. მისი ხელნაწერი ვნახე, არა კალიგრაფიული ექსპერტიზის თვალსაზრისით, არამედ, როგორც სამედიცინო ექსპერტს, მე მაინტერესებდა მისი ხელის ფუნქციის ნაწილობრივი შეზღუდვის ფონზე რამდენად შესაძლებელი იყო … რაც საკმაოდ ინფორმატიულია, იმის განსაზღვრისთვის, ხელის ფუნქცია რამდენადაა შენახული თუ შეზღუდული. მარყუჟის დათვალიერების შემდეგ მე ჩემს დასკვნას დავწერ”- განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.
გარდაცვლილი პატიმრის მამამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ 50%-ით ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლულია:
“ისეთი ფაქტებით გამოვდივარ, ერთი სული მაქვს, სენაკში როდის ჩავალ, იქ როცა ჩავალ, ყველაფერს გავიგებ დაზუსტებით”- აღნიშნა მან.
გარდაცვლილი პატიმარი 24 საათის შესახლებული იყო საპყრობილეში, თუმცა მანამდეც იყო ნასამართლევი და 28 აგვისტოს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად დატოვა ციხე.




