ახალი ამბები

მუქარა ნარკოპოლიტიკის კრიტიკისთვის – შსს-სა და სუს-ისგან გამოძიებას ითხოვენ

22 მარტი, 2018 • 1787
მუქარა ნარკოპოლიტიკის კრიტიკისთვის – შსს-სა და სუს-ისგან გამოძიებას ითხოვენ

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი  ძალოვანი სტრუქტურების სახელით ადამიანების მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ტერორიზირების ფაქტიების გამოძიების მოთხოვნით შსს-სა და სუს-ს მიმართავს.

ზურაბიშვილის განცხადება იმ მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ ტექსტებს ეხება, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერის შვილი, გიორგი ზურაბიშვილი ორი დღის განმავლობაში იღებს.

გუშინ, 21 მარტს, გიორგი ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მამუკა ბერძენიშვილის მხარდამჭერი ტექსტი გამოაქვეყნა. ბერძენიშვილს 2 გრამი MDMA-ს ფლობისთვის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოსტში გიორგი ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს.

მამუკა ბერძენიშვილის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, როგორც გიორგი ზურაბიშვილი ამბობს, სოციალურ ქსელში არაერთი მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინება მიიღო. შეტყობინებების ავტორები ემუქრებიან მას და გაჩუმებას ურჩევენ.

 “პრობლემა პრობლემად და რაც გიორგის მიერ მისი მეგობრის პატიმრობის გაპროტესტებას მოჰყვა, ის უკვე საერთოდ არაფერში არ ჯდება. მისი ფოსტა ორი დღეა წაილეკა ანონიმი და ე.წ. ფეიკ-ექაუნთების მქონე პირების მხრიდან ლანძღვა-გინებთ და მუქარებით. თან, ეს ხალხი იგინება და იმუქრება პოლიციისa და ხელისუფლების სახელით.

აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი შემოტევები სოციალურ ქსელში, მსგავსი აგრესია და ლანძღვა-გინება პოლიციის სახელით არ არის პირველი შემთხვევა და პერიოდულად ხორციელდება ხოლმე სწორედ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მტკიცედ და მკვეთრად აკრიტიკებს არსებული ნარკოპოლიტიკის არაადამიანურ პრაქტიკას, რაც გვაფიქრებინებს რომ ადგილი აქვს ორგანიზებულ და ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც ხორციელდება სწორედ ძალოვანი სტრუქტურების წიაღში” – წერს დავით ზურაბიშვილი.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


28 წლის მამუკა ბერძენიშვილს დღეს სასამართლომ  MDMA-ს ფლობისთვის (სსსკ-ის 260 მუხლი) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც “ნეტგაზეთს” დაკავებულის დამ და ადვოკატმა განუცხადეს, მამუკას პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა 2 გრამი კლუბური ნარკოტიკი, რაც არსებული კანონმდებლობით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება.

შედარებისთვის, გუშინ საქართვლეოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ამ დრომდე მიიღებდა, მამუკას სასჯელის სახით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებოდა.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, მამუკა ბერძენიშვილი  ვიდეომემონტაჟედ მუშაობდა. ის 3 წელია დაქორწინებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი