28 წლის მამუკა ბერძენიშვილს დღეს სასამართლომ MDMA-ს ფლობისთვის (სსსკ-ის 260 მუხლი) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც “ნეტგაზეთს” დაკავებულის დამ და ადვოკატმა განუცხადეს, მამუკას პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა 2 გრამი კლუბური ნარკოტიკი, რაც არსებული კანონმდებლობით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება.
შედარებისთვის, დღეს, საქართვლეოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ამ დრომდე მიიღებდა, მამუკას სასჯელის სახით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებოდა.
როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, მამუკა ბერძენიშვილი ვიდეომემონტაჟედ მუშაობდა. ის 3 წელია დაქორწინებულია.
არსებული კანონმდებლობით, MDMA-ს ის რაოდენობა, რაც ბერძენიშვილს აღმოუჩინეს, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ბრალდებულის პირადი და ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.1133 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, რბილი პლასტიკური მასა და 2,027447 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 6 ცალი, ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის კრისტალური ნივთიერება და ელექტროსასწორის პირზე არსებული დანაშრევი ამოიღეს. (დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ის 260 -6,ა)” – ვკითხულოობთ საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის აღიარება და ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქმედებისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია საკმაოდ მკაცრი სასჯელი:
“შესაბამისად, სასამართლომ მ. ბ-ს, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) იურისტი გურო იმნაძე ამბობს, საქმე არაადეკვატურად მკაცრ სასჯელთან გვაქვს.
მისი თქმით, ამ ოდენობით MDMA შეილება ერთჯერადი მოხმარების დოზაზე მეტი იყოს, თუმცა ეს ოდენობა ცალსახად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე:
“ამ ოდენობით MDMA შეიძლება ერთჯერადი მოხმარების დოზაზე მეტი იყოს, თუმცა ეს ოდენობა ცალსახად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე და თუკი საქმეშიც არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომ ამ ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ცდილობდა, ან გაასაღა, ეს სასჯელი ცალსახად არაპროპორციულია” – ამბობს იურისტი.
გურო იმნაძის თქმით, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტით, 2 გრამი MDMA (0.4-დან 4 გრამამდე) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობათ ითვლება, რისთვისაც სასჯელის სახით ჯარიმა, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით არის გათვალისწინებული.
საქართველოს პარლამენტმა 5 მარტს კიდევ ორი თვით გადაავადა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა.
ეს კანონპროექტი 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირეს დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ და სოფო ქცარავამ. ამ დრომდე კანონპროექტის მიღება პარლამენტმა არაერთხელ გადადო.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმდომარემ, აკაკი ზოიძემ 2018 წლის იანვარში დეპუტატებს მოუწოდა, მობილიზდნენ და მოკლე ვადაში მიიღონ კანონპროექტი, თუმცა,შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.