ბოლო 15 წლის განმავლობაში, საზოგადოებაში, ინტენსიურად მიდის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციაზე მსჯელობა. მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლი აქტიურად აპროტესტებდნენ კინოთეატრებში 2006 წელს გამოსული ფილმის „დავინჩის კოდის” ჩვენებას, ჯოან როულინგის ნაწარმოების, “ჰარი პოტერის” ქართულ ენაზე გამოცემას, იეჰოვას მოწმეთა მიერ წიგნების გავრცელებას და ა.შ. ყველა ასეთი ტიპის პროტესტს არგუმენტად მოქალაქეთა უმრავლესობის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ედო საფუძვლად.
უკანასკნელ წლებში, საქართველოში, კიდევ რამდენჯერმე დადგა რელიგიის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დარეგულირების საკითხი. მეტწილად, ეს კვლავ მიმართული იყო დომინანტური რელიგიური ჯგუფის კრიტიკული პოზიციებისგან დასაცავად. რამდენიმე დღის წინ ე.წ. ქართველთა მარშის, ასევე, სხვა რადიკალური ჯგუფების წევრები “რელიგიური გრძნობების დასაცავად” რუსთავი 2-თან მივიდნენ და ტელეკომპანიის წამყვანს, გიორგი გაბუნიას, ქრისტესა და ბიძინა ივანიშვილზე ხუმრობისთვის ბოდიშის მოხდა ლანძღვა-გინებით მოსთხოვეს.
ISFED-ის განცხადებით, რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის კრიმინალიზაცია ბუნდოვანებას ქმნის მისი რეალური აღსრულების კუთხით და ასევე, აჩენს რისკებს გამოხატვის თავისუფლებაში არათანაზომიერი ჩარევის რისკებს.
“სამართლიანი არჩევნებმა” ვრცლად მიმოიხილა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის რეგულირების ადგოლობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა, რის შემდეგაც შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტი და რეკომენდაციებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციაის რეკომენდაციით, რომლითაც ხელისუფლებას მიმართა, არ უნდა მოხდეს მკრეხელობის შესახებ რაიმე ტიპის რეგულაციის მიღება, რომელიც შესაძლებელს გახდის ხელისუფლებისა და სხვა დომინანტი ჯგუფების მიერ ბარიეების შექმნას, რელიგიური საკითხებისადმი გამოხატვისას. ასევე, არ უნდა მოხდეს რელიგიის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის, რელიგიური რწმენისა და დოქტრინის შეურაცხყოფის კრიმინალიზაცია ან სხვა სახის საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომელიც არსებითად იმავე შედეგს იძლევა და რისკებს ქმნის, როგორსაც მკრეხე ლობის დანაშაული.
“სამართლიანი არჩევნები” საჭიროდ მიიჩნევს, საკანონმდებლო ორგანომ დაიწყოს სიძულვილის ენის ევროპული გაგების შესახებ მსჯელობა (სიძულვილის წაქეზების, სიძულვილის გაღვივების და მისი მცდელობის კიმინალიზაციის საჭიროებებზე). ISFED-ის განცხადებით, აღნიშნული საკითხი განხილული უნდა იყოს ხელისფულების და საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით.
გარდა ამისა, ორგანიზაციის რეკომენდაციით, რელიგიური თაყვანისცემისა და რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლას პრაქტიკაშიც უნდა გააჩნდეს მყარი გარანტიები – ჩადენილ ქმედებისთვის (ხელის შეშლა) პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც სახელმწიფოს ააცილებს რელიგიური და პირისპირებების ესკალაციას. ასევე, ღვთისმსახურების ობიექტის შებღალვა/წაბილწვა, ეკლესიის საკუთრების განზრახ დაზიანება არ უნდა დარეგულირდეს ცალკე დებულებით. ISFED-ის რეკომენდაციით, პირს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა კონკრეტული დანაშაულის საფუძველზე, რომელიც ჩადენილია რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე.
“სამართლიანი არჩევნების” მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტში საუბარია რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის კრიმინალიზაციის პრობლემატიკაზე და განხილულია თემისადმი ყველა შესაძლო მიდგომის დადებითი და უარყოფითი მხარეები.