ახალი ამბები

ტრამპმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

22 მარტი, 2018 • 1649
ტრამპმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ  ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში თავად აშშ-ს პრეზიდენტმა განუცხადა.

მისი თქმით, მილოცვის გარდა პუტინთან შესაძლო შეხვედრის დეტალებიც განიხილა.

“მე დავურეკე პუტინს და მივულოცე არჩევნებში გამარჯვება. სატელეფონო ზარი ასევე ეხებოდა ჩვენს შესაძლო შეხვედრას არც თუ ისე შორეულ მომავალში. შესაბამისად, შეგვეძლება ვიმსჯელოთ ჩვენს სამხედრო გაძლიერებაზე”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, შესაძლოა, უკრაინის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე გამახვილდეს ყურადღება.

პუტინისა და ტრამპის სატელეფონო ზართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება თეთრმა სახლმაც გაავრცელა.  ტექსტის მიხედვით, ლიდერებმა “ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებზე, დიალოგის გაგრძელებაზე მათი უსაფრთხოების პრიორიტეტებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული რესურსებისგან გათავისუფლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს”.

ტრამპის განცხადებას ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტის ქმედება გააკრიტიკა. მისი თქმით, ტრამპმა განცხადებით რუსეთის ის მოქალაქეები შეურაცხყო, ვისაც საარჩევნო უფლება შეუზღუდეს.

“ამერიკის პრეზიდენტი მართავს თავისუფალ მსოფლიოს, როცა დიქტატორებს გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამ ქმედებით, პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ყველა ის მოქალაქე შეურაცხყო, ვისაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ხმის უფლება შეეზღუდათ”, – დაწერა მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

დონალდ ტრამპმა კრიტიკას, ტრადიციულად, ტვიტერზე უპასუხა. მისი თქმით, ამერიკის “ყალბი ამბების” მისი და პუტინის ურთიერთობების გაფუჭებითაა დაინტერესებული, რაც არასწორია.

“დავურეკე პუტინს, რათა არჩევნებში გამარჯვება მიმელოცა. ყალბი ამბების მედია შეიშალა, რადგან მათ სურდათ, გამეკრიტიკებინა ის. ისინი ცდებიან! რუსეთთან( და სხვებთან) ურთიერთობების დალაგება კარგია და არა ცუდი”, – აღნიშნა მან.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა მასში 76%-ით გაიმარჯვა.

საარჩევნო პროცესი საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააკრიტიკეს .“ეუთოს” შეფასებით, არჩევნები კარგად დაგეგმილი იყო, თუმცა “ფუნდამენტურ თავისუფლებათა შეზღუდვების ფონზე და არაკონკურენტუნარიან გარემოში” ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი