“მინდა ვთქვა, რომ განათლება ჩვენი მთავარი აქილევსის ქუსლია, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც ბოლო წელიწადში მოხდა, ეს არის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაკვლა. იმიტომ, რომ ყველა სხვას აღვადგენთ, და ამერიკის მთავობასთან 5 წელი ვიმუშავეთ და დავარწმუნეთ, შემოსულიყო ამ უნივერსიტეტის მშენებლობაში, რაც ერთი ხელის მოწერით მოკლეს. რამდენი ფულიც არ უნდა დაგვიჯდეს, ასეთ პროექტს ვეღარ აღვადგენთ, არადა ეს იქნებოდა საერთოდ ახალი სტანდარტების შემქმნელი საქართველოში, მაგრამ ვამაყობ, რომ ბევრი ახალი უნივერსიტეტი გაიხსნა, ვამაყობ, რომ განათლების სისტემაში ბევრი ცვლილება ჩატარდა”.
მისივე თქმით, აღნიშნული ბიბლიოთეკაში იქნება არქიტექტურის, დიზაინის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დარბაზები და უკვე 5 000- მდე წიგნია შეძენილი.
“ეს არ იქნება ისეთი გრანდიოზული, როგორიც ამერიკის ბიბლიოთეკაა და არც საქართველოა ამერიკა. ამდენი ფულის შოვნას ჩვენ ვერ შევძლებთ. ამ ბიბლიოთეკის მშენებლობა თავიდან დავიწყე ოჯახის წევრების დახმარებით. როცა ჩემი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, ვაპირებ რამდენიმე ქვეყანა მოვიარო და იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში შევძლებ საკმარისი ფულის მობილიზებას, რომ ეს დავასრულოთ”-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტთან ერთად დღეს იმყოფებოდა დიპლომატი გელა ჩარკვიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა:
“მინდა ვთქვა, რომ როცა ვაშინგტონში ტომ ბიურგენტალი დავაჯილდოვე, ვანო ჯავახიშვილმა თავის შოუში დამცინა, თავის მასწავლებელს მისცა ორდენიო, გარდა იმისა, რომ ტომ ბიურგენტალი ჩემი მასწავლებელია, ასევე მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის ყველაზე დიდი და ცოცხალი თეორიტიკოსია და დიდი სპეციალისტია ადამიანის უფლებების. მე ჩემი მასწავლებლობისთვის არ დამიჯილდოვებია ის, დავაჯილდოვე იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოღვაწეა მსოფლიოში. გელა ჩარკვიანი რომ ჩემი მასწავლებელი იყო, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ნაკლები დამსახურებაა. მან გაზარდა მთელი თაობები თავისუფლების, დემოკრატიის და ლიბერალიზმის სულისკვეთებით, მაშინ, როდესაც ეს სამი სიტყვა იყო უკიდურესად არამოდური და საშიში იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, რომელშიც თქვენ არ გიცხოვრიათ და იმედი მაქვს, რომ არასოდეს არ იცხოვრებთ, არც ევრაზიის კავშირში, არც არმენიზირებულ საგარეო პოლიტიკის საქართველოში, როგორც იმუქრებიან, ჩვენ ვიცხოვრებთ ევროპაში, ჩვენ საყვარელ მეგობრებთან ერთად”,- განაცხადა სააკაშვილმა.