ახალი ამბები

მუხათწყაროსთან 100-ზე მეტი ფიჭვის ხე უკანონოდ მოჭრეს

21 მარტი, 2018 • 2620
მუხათწყაროსთან 100-ზე მეტი ფიჭვის ხე უკანონოდ მოჭრეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხე-ტყის ჭრის ფაქტი გამოვლინდა. ამის ამსახველი ვიდეომასალა 20 მარტს მოქალაქე ირაკლი ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

21 მარტს ადგილზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. უწყების განცხადებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კონტრაქტორი კომპანია შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიის“ მიერ მოჭრილია 110 ძირი ხე, აქედან 103 – ფიჭვის სახეობის, 6 – თუთის სახეობის და 1- იფანის სახეობის ხე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაჩეხილი ხეებიდან არცერთი არ შედის წითელ ნუსხაში, თუმცა მოჭრილი მერქნული რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნოს.

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე დგინდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

ხეების ჭრასთან დაკავშირებით განმარტებები გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ. კომპანიის განცხადებით, სოფელ მუხათწყაროს გზაზე, 220 კვ. ეგხ-ის „კოდა 1,2“-ის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახორციელებენ სპეციალურ ჭრებს:

“სამუშაოები ხორციელდება მთავრობის №366-ე დადგენილების საფუძველზე, ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. ხეები ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სპეციალური ჭრები უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, თბილისის მერიის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზე, აღნიშნული უწყებების ნებართვების საფუძველზე.”

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განმარტებით, მათმა კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ სამუშაოების განხორციელების პროცესში თვითნებურად მოჭრა ხეები იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფარვის ზონაში, სადაც ხე-მცენარეების ჭრა უნდა განხორციელებულიყო მოგვიანებით, ნებართვის მიღების შემდეგ.

როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემა განმარტავს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამრღვევის მიმართ შესაბამისი ზედამხედველი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება სათანადო პროცედურები. ამჟამად სპეციალური ჭრები მიმდინარეობს თბილისის მერიის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ სპეციალური ჭრები ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარე ზრდის კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს.  მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარესა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის ფიქსირდება კრიტიკული ზღვარი, ხორციელდება კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი