ახალი ამბებისამართალი

კიდევ ორი თვით გადავადებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის პაკეტის განხილვა

6 მარტი, 2018 • 1991
კიდევ ორი თვით გადავადებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის პაკეტის განხილვა

საქართველოს პარლამენტმა 5 მარტს კიდევ ორი თვით გადაავადა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა.

ეს კანონპროექტი 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირეს დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ და სოფო ქცარავამ. ამ დრომდე კანონპროექტის მიღება პარლამენტმა არაერთხელ გადადო.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმდომარემ, აკაკი ზოიძემ 2018 წლის იანვარში დეპუტატებს მოუწოდა, მობილიზდნენ და მოკლე ვადაში მიიღონ კანონპროექტი, თუმცა,შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.

კანონპროექტს მომხრეები და მოწინააღმდეგეები საპარლამენტო უმრავლესობაშიც ჰყავთ. “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” მომხრეების და მოწინააღმდეგეების სია გაასაჯაროვა.

გადადების საკითხი 5 მარტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დააყენა. მან განაცხადა, რომ არის არაერთი ტექნიკური საკითხი, რომელზეც შეთანხმება არ მიღწეულა. მან ასევე ჩამოთვალა ის საკითხები, რაზეც შეთანხმება მიღწეულია.

„მთავარ მიზნებთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმება მიღწეულია – ეს არის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, რომ მომავალში ნარკოტიკების ზიანისგან მომავალი თაობა დავიცვათ და ხელი შევუწყოთ სამართალდამცავებს, რომ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს ებრძოლოს. შევთანხმდით, რომ ნარკოდამოკიდებული პირებისთვის შევქმნათ და ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რომ შეუფერხებლად მიიღონ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების სერვისები. ასევე შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, სადაც ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული მონაცემები თავს მოიყრის, მოხდება ანალიზი, გადაწყვეტილებები კი ამაზე იქნება დაფუძნებული. აღნიშნული საკითხების გარშემო არის არაერთი ტექნიკური საკითხი, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება სრულად მიღწეული არ არის,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კანონპროექტის განხილვის კიდევ ერთხელ გადადებას ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისთვის მებრძოლი აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა. ბექა წიქარიშვილის თქმით, მისთვის ნათელია, რომ ეს საკითხი ჩავარდა.

გადავადებული კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანიზმის, ინდივიდუალური და არარეპრესიული მიდგომის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებს.

კანონპროექტით, ზღვრული ოდენობების გაწერასთან ერთად,  ერთ-ერთი სიახლე იქნება საქართველოს მასშტაბით 15 სხვადასხვა ადგილას შექმილი კომისია. კანონპროექტით, ეს კომისიები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან იმუშავებენ და იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკებთან შემხებლობის მქონე პირი არ გაითვალისწინებს კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, ამის შემდეგ კომისია მიმართავს სასამართლოს, კონკრეტული სანქციის დაკისრების თაობაზე იმსჯელოს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ამ ადამიანებს  მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცეთ, რისთვისაც სახელმწიფომ სერვისები უნდა განავითაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი