“-რატომ ურტყამ?! – იყვირა ერეკლემ. თვალის დახამხამებაში ჯიბიდან დანა ამოიღო და თენგოს მოუქნია. თენგომ ერეკლეს ხელი აიცილა და თვითონ დაარტყა მას. ამ დროს საბამ მისი შეჩერება სცადა. როგორც ჩანს, თენგოსაც იარღი ეჭირა ხელში, რადგან საბას მკლავიდან სისხლის წამოუვიდა. ვაიმე, დანები აქვთ! – აყვირდნენ გოგონები. ხმაურზე მოჩხუბარი ბიჭების გარშემო ბავშვები მოგროვნდნენ. ის იყო, ლევანიც გააქტიურდა, რომ მოჩხუბრებს თავზე სკოლის დირექტორი და მანდატურები დაადგნენენ,”- ეს არის ამონარიდი სიტუაციური ამოცანიდან “იარაღი სკოლაში?!” მსგავს სიტუაციურ ამოცანებს საჯარო სკოლების მე-7 კლასის მოსწავლეები საგნის “სამართლებრივი კულტურის საწყისების” ფარგლებში განიხილავენ.
პრაქტიკურ დავალებებეთან ერთად, სახელმძღვანელოში არის რუბრიკა “იცით თუ არა, რომ”. მაგალითად, ერთ-ერთი რუბრიკა მავნე ჩვევებს შეეხება.
“იცით თუ არა, რომ მოზარდებს, სხვისი მიბაძვით, ხშირად ისეთ მავნე ჩვევებს იძენენ, როგორებიცაა, ალკოჰოლის მოხმარება, სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკურლი საშუალებების მოხმარება, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას და ხშირად მათი ნარკოტკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ხდება.”
მოსწავლეების მხრიდან სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, სამართლებრივი ვალდებულებისა და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების სწორად გააზრებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოში სამართლებრივი განათლების პროგრამა 2008 წელს დაიწყო. პროგრამა აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციის PH International -ის საქართველოს ოფისმა აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართლებრივ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„სამართლებრივი კულტურის“ სწავლება 2008 წლიდან მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებში ხორციელდება. ამ მიზნით, როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, თინათინ ებანოიძე აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში, გადამზადდნენ როგორც მასწავლებლები, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.
“მე-9 კლასში სამართალდამცავი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ერთობლივად ატარებდნენ გაკვეთილებს. იქამდე პოლიციელებმაც და პედაგოგებმაც შესაბამისი გადამზადება გაიარეს, სადაც უნდა შეესწავლათ მოზარდის ფსიქოსოციალური განვითარების თავისებურებები, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს არასრულწლოვანთა სამართლებრივ საკითხებს და გაკვეთილის ჩატარების მეთოდოლოგია,”- ამბობს თინათინ ებანოიძე.
მისივე განმარტებით, მე-9 კლასის სახელმძღვანელო რამდენიმე თემისგან შედგება – მათ შორის, შესავალი სამართლებრივ კულტურაში (სადაც განმარტებულია შემდეგი საკითხები, ვინ არის სამართლდამცავი, რა უფლებები და მოვალეობები აქვს); არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა (ოჯახში ძალადობა, მოზარდი და ძალადობა); მავნე ჩვევები და მათი შედეგები (აზარტული თამაშები, ნარკომანია, ალკოჰოლის მოხმარება, ინტენეტდამოკიდებულება); ორგანიზებული დანაშაული (მათ შორის ტრეფიკინგი, კიბერდანაშაული, ქურდული სამყარო).
პროექტის მეორე ნაწილი 2010 წლიდან, მე-7 კლასში სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და „სამართლებრივი კულტურის საწყისების“ 14- საათიან კურსს მოიცავს. კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს გაკვეთილს მანდატურთან ერთად უტარებს. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე 10 სკოლის მანდატური სპეციალურად გადამზადდა და კურსის პილოტირება განხორციელდა. წელს უკვე ყველა იმ საჯარო სკოლებში, სადაც მანდატურები იმყოფებიან, გაკვეთილს დამრიგებელი მანდატურთან ერთად ჩაატარებს.
საქართველოს მთავრობის მიერ 2 ოქტომბერს „საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია“ დამტკიცდა. სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებას, დანაშაულის პრევენციის მიზნით, დანაშაულის საფრთხეების შესახებ მოზარდების სამართლებრივი ინფორმირება წარმოადგენს.





