ახალი ამბები

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აშშ–შია სასწავლო შვებულებით

10 ოქტომბერი, 2013 •
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აშშ–შია სასწავლო შვებულებით

“ერთწლიანი სასწავლო შვებულება ავიღე, ვიმყოფები ამერიკაში და მაკკეინის ინსტიტუტში ვმუშაობ, რომელიც ახლახან შექმნა სენატორმა მაკკეინმა. ვმუშაობ კონკრეტულ პროექტზე, რომლის ძირითადი საგანია უსაფრთხოება, დემოკრატია და გაუმჯობესებული მმართველობა. ინსტიტუტის ამოცანაა “გლობალური ლიდერშიფის” განვითარება მთელ მსოფლიოში. კანონით, ნებისმიერ საჯარო მოხელეს აქვს უფლება ერთწლიანი სასწავლო შვებულება აიღოს და სასწავლო შვებულების ფარგლებში აკადემიურ მოღვაწეობას ვაგრძელებ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ქუთელიამ.

 

ბათუ ქუთელია
ბათუ ქუთელია

ქუთელიას თქმით, საქართველოში მისი მოვალეობების შესრულება უშიშროების საბჭოს მდივნის სხვა მოადგილეებზეა ამჟამად გადანაწილებული. იგი კუთვნილ ხელფასს შვებულების პირველი სამი თვის განმავლობაში აიღებს. მისივე თქმით, კანონის მიხედვით, საჯარო მოხელეს სასწავლო შვებულების დროს ხელფასი მხოლოდ პირველი სამი თვე ერიცხება.


ქუთელია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ იგი აშშ-ში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იქნება, თუმცა როდის დატოვებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას, არ აკონკრეტებს.

 

ბათუ ქუთელიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა 2011 წლიდან უკავია, მანამდე კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში. 2007–2008 წლებში კი- საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი