ახალი ამბები

ალასანიას თქმით, 7 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა

10 ოქტომბერი, 2013 • • 1137
ალასანიას თქმით, 7 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა

“7 სამხედრო მოსამსახურე იყო შეუძლოდ, გარკვეული მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით, შესაბამისად, სამხედრო პოლიცია, ქართული კვების წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ. დაწყებულია მოკვლევა, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ. ყველაფერი დაზუსტდება და საზოგადოებისთვის ძალიან მალე ცნობილი გახდება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჯარისკაცების კვების საკითხი. მისი განცხადებით, კვებისადმი მიდგომა ახალი ხელისუფლების პირობებში რადიკალურად შეიცვალა:

 

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

“მე მინდა გითხრათ, რომ ფუნდამენტურად შეიცვალა მიდგომა, მთლიანად გამოიცვალა მენეჯმენტი ამ სტრუქტურის, რაც მთავარია, უახლოეს პერიოდში დასრულდება ახალი სასადილოს მშენებლობა, იქ იქნება ახალი სამზარეულოები შეძენილი, რომელიც კიდევ ერთხელ ღირსეულად გააგრძელებს კვებას ჩვენი ჯარების. რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, იქ აშკარად იყო ძველად ნორმების დარღვევა, მათ ახლა აბსოლუტურად ახალ ვითარებაში მოუწევთ გაგრძელება თავიანთი სამუშაოსი. რაც შეეხება ველზე გატანას, აქ იყო პრობლემა ყოველ დილით, არ იყო გადასატანი ჭურჭელი, ვერ იცავდნენ არა მარტო ჰიგიენას, ტემპერატურას, რადგან არ გააჩნდათ აღჭურვილობა. ახლა უკვე თითქმის ყველგან შემოტანილია ეს აღჭურვილობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მცირე ინციდენტებიც კი მომავალში იქნება აღკვეთილი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ სამხედრო ექსპერტებთან და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი