ინაშვილის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში კონგრესში გაიმართება მრგვალი მაგიდა და გარდა ამისა, დაგეგმილი აქვთ კონგრესმენებთან პირდაპირი შეხვედრებიც.
“აშშ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მოკავშირე. მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში კი, საქართველოში, სამწუხაროდ, იყო ხელისუფლება, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება შეყავდა შეცდომაში. აჩვენებდა, თითქოს აქ იყო დემოკრატია, სინამდვილეში აშენებდა დიქტატორულ სახელმწიფოს. გვინდა კონკრეტული მაგალითები მოვუყვეთ, ვაჩვენოთ, რა ხდებოდა სინამდვილეში. დღეს არის სერიოზული პერსპექტივა ახალი ურთიერთობის განვითარების აშშ-სა და საქართველოს შორის. გვინდა, რომ ამ ახალი ურთიერთობის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ჩვენ მრავალი წელია ვმუშაობთ, როგორც ევროსტრუქტურებთან, ასევე- აშშ-თან. აქამდე აქტიურობა არ გამოგვიჩენია, არ გვინდოდა ხელი შეგვეშალა ხელსუფლებისთვის, რომელიც ასევე მუშაობს დასავლეთთან,”- აცხადებს ინაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი და შეხვედრები არ არის ხელისუფლებასთან შეთახმებული.
“არანაირი კავშირი არ აქვს ამას ხელისუფლებასთან. ჩვენ ხელისუფლებასაც ვაკრიტიკებთ იმის გამო, რომ არ მუშაობს სათანადოდ დასავალეთთან. ხალხის მთავარი მოთხოვნა იყო სამართლიანობის აღდგენა. დასავლეთს უნდა ესმოდეს, რომ ეს არ ნიშნავს არანაირად პოლიტიკურ რეპრესიებს, საუბარია კონკრეტული პირების კონკრეტულ ბრალდებებზე და საერთო არაფერი აქვს ამას პოლიტიკურ რეპრესიებთან. მზად გვაქვს კონკრეტული ქეისები, სხვა ისტორია უნდა ჩავიტანოთ იქ, ის ისტორია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების 90% იზიარებს.”
მისივე თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე ვიზიტი აშშ-ში არჩევნებს არ უკავშირდება.
“ასეთი ტიპის შეხვედრების დაგეგმვას, მოგეხსენებათ, დრო სჭირდება. როდესაც დაინიშნა შეხვედრა, იმ დროს მივდივართ. არჩევნებთან ეს არ არის კავშირში.”
ინაშვილი, დავით თარხან მოურავის ( “წინააღმდეგობის მოძრაობის” წარმომადგენელი) გარდა, არ ასახელებს ჯგუფის სხვა წევრებს, ვინც აშშ-ში მიემგზავრება. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ჯგუფში არიან ყოფილი მედიამფლობელები, პოლიტიკური პატიმრები და ა.შ.
“იმის გარდა, რომ მათთან შეთანხმებული არ ვარ, რომ მათი ვინაობა გავამჟღავნო, გააქტიურებულები არიან კანდელაკის და ბოკერიას ჯგუფები, ისინი შეეცდებიან ხელი შეუშალონ ჩვენს ვიზიტს, მაგრამ არაფერი გამოუვათ.”
სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე აშშ-ში მრგვალი მაგიდა გაიმართება ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეებისთვის, გამოცემა buzzfeed.com – მა გამოაქვეყნა.