ახალი ამბები

გელა ხვედელიძის პროცესი ახალაიას სასამართლოს გამო გადაიდო

10 ოქტომბერი, 2013 • • 1142
გელა ხვედელიძის პროცესი ახალაიას სასამართლოს გამო გადაიდო

“პროცესი სასამართლომ გადადო და არ ვიცით როდის ჩაინიშნება, ალბათ მაშინ, როცა სხვა საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანს”, – აცხადებს გელა ხვედელიძის ადვოკატი ემზარ პაქსაძე.

 

გელა ხვედელიძის და ბაჩო ახალაიას საქმეებს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავს. საქმე, რომელთან დაკავშირებითაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული, ეხება ბაჩანა ახალაიას შსს–ს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ, ე.წ. სპეცრაზმელების წამების ეპიზოდს. 

 

გელა ხვედელიძე
გელა ხვედელიძე

რაც შეეხება შს მინისტრის პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძე 12 მაისს დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების გამო. გელა ხვედელიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან  საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ასევე, სამ წლამდე ვადით ან უამისოდ. 15 მაისს სასამართლომ ხვედელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი