“გირგვლიანის შესწორებები” პარლამენტში რამდენიმე დღეში დარეგისტრირდება – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 19 მარტს ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ “გირგვლიანის შესწორებების” შესახებ კანონპროექტს პარლამენტი რამდენიმე დღეში დაარეგისტრირებს.

მისივე თქმით, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შევა.

მდინარაძის განცხადებით, “გირგვლიანის შესწორებებზე” წარმატებით იმუშავა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ფრაქციის წევრი ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს.

“ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში, შესაძლებელია, ეს ხვალ და ზეგაც კი იყოს, მოვახდენთ ინიცირებას. ერთადერთ მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, რომ წარსულის გამოცდილებით შევქმნათ სამომავლო პრევენცია, რომ მსგავსი ფაქტები არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. იყოს სპეციალური მუხლი, რომელიც, ერთი მხრივ, გამორიცხავს მაქსიმალურად მართლმსაჯულებაში რაიმე ფორმით უკანონო ჩარევას და, მეორე მხრივ, ასეთი სასტიკი დანაშაულებისთვის გაამკაცრებს პასუხისმგებლობას განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან,”- განაცხადა მდინარაძემ.

ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” 29 იანვარს განაცხადა, რომ “გირგვლიანის შესწორებებზე” მუშაობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი