როგორც ზაქარეიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” განაცხადა, რომელიც მე–3 არხზე გადის, სწორედ ქართული მხარის სწორი პოლიტიკა გახდა იმის ერთ–ერთი მიზეზი, რომ რუსეთს საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართების გავლება დასჭირდა:
“ტოტალურად დაიწყეს ოსებმა ჩვენკენ მოძრაობა და უცებ დაიწყეს მავთულხლართების გავლება. ეს იყო ახალ ქართულ პოლიტიკაზე რეაქცია, ანუ ჩვენმა მშვიდობიანმა პოლიტიკამ აფხაზებსა და ოსებში ნდობა გამოიწვია. ხალხი დაიძრა ჩვენკენ და რუსეთმა დაიწყო ამ ურთიერთობების გადაკეტვა, მაგრამ ვერ კეტავენ. ჩემს კაბინეტში ძალიან ბევრი ოსი მოდის და ვეკითხები, როგორ მოხვედით, უმრავლესობა მოდის ლარსიდან დაახლოებით 70%, მაგრამ 30% საიდან მოდის? – მავთულხლართებიდან. მავთულხლართებში ძვრებიან და ისე მოდიან. საქართველოში უნდათ ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა, ერთიათად გაიზარდა ოსების მოძრაობა საქართველოში. ძალიან კარგად ჟღერს ცხინვალში ივანიშვილის გვარი. არც ერთხელ ყოფილა არც აფხაზურ და არც ოსური მხარეებიდან ივანიშვილის ან ლანძღვა, ან მისი აუგად მოხსენიება. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მოლოდინები აქვთ. ჩვენ სწორ პოლიტიკას ვადგავართ და ვაშიშვლებთ რეალურად რუსეთის პოლიტიკას, თან ისე, რომ ჩვენ არ ვზარალდებით. სააკაშვილი აკეთებდა პირიქით, თვითონ ასკდებოდა, ანგრევდა ქვეყანას, მაგრამ რუსული აგრესიაც ჩნდებოდა. ჩვენი პოლიტიკა სულ სხვაა”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.




