ახალი ამბები

მერაბიშვილი: ბურჯანაძის და მისი შვილის საუბრის ჩანაწერის სრული ვერსია შსს–ში ინახება

9 ოქტომბერი, 2013 •
მერაბიშვილი: ბურჯანაძის და მისი შვილის საუბრის ჩანაწერის სრული ვერსია შსს–ში ინახება

“მინდა გამოვეხმაურო გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებებს, რომელთა უმეტესობაც ელემენტარული სიცრუეა. პირველ რიგში, მინდა დავადასტურო, რომ ნინო ბურჯანაძის საკუთარ შვილთან საუბრის ჩანაწერი არის ავთენტური და ეს ჩანაწერი სრული სახით დღემდე ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში. გარდა ამისა, არც მე და არც საქართველოს პრეზიდენტს არასოდეს არ გვითქვამს, რომ იგი არის გაყალბებული.

 

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ 26 მაისის მოლენების გამო, რაც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ამ მოვლენების შედეგად მიღებული მსხვერპლის გამო, ისევე, როგორც მანამდე, ე.წ. „შეფიცულთა რაზმის“ ჩამოყალიბების გამო, ჩვენ სრული კანონიერი უფლება გვქონდა პასუხისგებაში მიგვეცა ნინო ბურჯანაძე, ისევე, როგორც მისი მეუღლე, ბადრი ბიწაძე, რომელიც აღნიშნულ „შეფიცულთა რაზმს“ ხელმძღვანელობდა. თუმცა ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ნაბიჯის გადადგმისგან, რათა ვინმეს არ ჩაეთვალა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივებით დევნას. 26 მაისის მოვლენებს ნამდვილად მოჰყვა შედეგი, როგორც ამას ქალბატონი ბურჯანაძე აცხადებს – ეს შედეგი იყო გარდაცვლილი ადამიანები, მათ შორის ერთი პოლიციელი, რომლის მკვლელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ „პოლიტიკურ პატიმრად“ შერაცხა”, – ნათქვამია მერაბიშვილის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.

 

იგი ასევე გამოეუხმაურა ბურჯანაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2008 წლის ომის დროს მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე და მეუღლე ბადრი ბიწაძე კრიზისის ზონაში იმყოფებოდნენ:

 

“რაც შეეხება ომისდროინდელ მოვლენებს, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს დაუძინებელ მტერთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად მოსკოვში საზიმო ღონისძიებაში მონაწილეობას დიდ პატივად თვლის, საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში. არც ის არის გასაკვირი, რომ სწორედ რუსეთთან ომის დროს, მისმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ უარი განაცხადა საბრძოლო მოქმედებებში მას დაქვემდებარებული საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმების ჩართვაზე. შედეგად აღარ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ეს ადამიანი ღიად ეწევა რუსული პოზიციის პროპაგანდას, რომელიც სიცრუეზე და ფაქტების გაყალბებაზე არის აგებული”, – აცხადებს მერაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი