ახალი ამბები

მოქალაქე ამტკიცებს, რომ 30–მდე პოლიციელმა სცემა და 3 ნეკნი ჩაუმტვრია

8 ოქტომბერი, 2013 • • 1276
მოქალაქე ამტკიცებს, რომ 30–მდე პოლიციელმა სცემა და 3 ნეკნი ჩაუმტვრია

როგორც კაპანაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, სამართალდამცველებმა მას სამი ნეკნი გაუტეხეს. კაპანაძე, რომელიც ამჟამად მკურნალობის კურსს სახლში გადის, ასახელებს კონკრეტულ სახელს და გვარს, ვინც მისი მტკიცებით, შსს–ში მუშაობს და მისი ცემის ინიციატორი იყო:

“სკოლაში ერთ ჩემს კოლეგასთან მქონდა გარკვეული უთანხმოება. მოგვივიდა უბრალო კამათი, შეურაცხყოფა ერთმანეთისთვის არ მიგვიყენებია, ზედმეტი სიტყვაც კი არ გვითქვამს, მაგრამ ამ ჩემმა კოლეგამ შემდეგ ჩაირია თავისი სიძე, შსს–ს გენინსპექციის თანამშრომელი ლაშა ცნობილაძე, რომლის ზუსტ თანამდებობასაც ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი. ამ ლაშა ცნობილაძემ დამირეკა და მითხრა, რომ შენი ნახვა მინდაო. პარასკევი იყო, 30 სექტემბერი. მე ვუთხარი კი, ბატონო, მობრძანდით–მეთქი. არ მოვიდა ეს ადამიანი და კვირას დამირეკა მთვრალმა, რომ ახლა მინდა შენი ნახვაო. მე უარი ვუთხარი, რადგან მთვრალი იყო და თან ძალიან აგრესიული ტონით მესაუბრებოდა. მე ვუთხარი, ხვალ ვისაუბროთ–მეთქი, რაზეც მიპასუხა, რომ მე მოცლილი კი არ ვარო, შეურაცხყოფა მომაყენა და შემაგინა, რის გამოც ტელეფონი გავუთიშე. მეორე დღეს დავურეკე და ვკითხე, რატომ მომაყენე შეურაცხყოფა–მეთქი. მკითხა, სად ხარო, ვუთხარი- სადაც ვიყავი, დიღომში, მასივში… მოვიდა, ალბათ, 30–მდე ადამიანთან ერთად, რომლებიც მართლა არ ვიცი, 2–მეტრიანი ხალხი იყო. ჩამაგდეს მანქანაში, არ ვჯდებოდი, წიხლი ჩამრტყეს და ნეკნები ჩამიმტვრიეს. იქიდან წამიყვანეს პოლიციის განყოიფლებაში და იქ მირჩევდა მერე თავისი სიმამრისა და ჩემს სამსახურეობრივ საკითხს. მოკლედ, საქმე გამირჩია. ამის შემდეგ წამიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, იქიდან ისევ მომიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და დამაწერინეს ხელწეერილი, როცა გამომძიებელი დამიბარებს, სასამართლოში უნდა მივიდე”, – აცხადებს კაპანაძე, რომელიც დასძენს, რომ პოლიციის განყოფილებიდან თავის მეგობართან გადაწყვიტა წასვლა, თუმცა ტკივილების გამო გზაში ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახა.

 

“ვეღარ ვსუნთქავდი, სასწრაფოში დავრეკე და ვუთხარი ჩემი მდგომარეობის შესახებ. ექიმებმა როცა მნახეს, მკითხეს ვინ გცემა, ეს უნდა დაფიქსირდესო და მე ვუთხარი, პოლიციამ მეცემა–მეთქი. შემდეგ მოვიდა პატრულიც და პოლიციაც, დააფიქსირეს ჩემი განაცხადი, წამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გადამიღეს რენტგენი და სამი ნეკნი აღმომაჩნდა დამტვრეული. ორი საათის შემდეგ ისევ პოლიციაში მიმიყვანეს გასაუბრების მიზნით და იქ ისევ ზეწოლა დაიწყეს, რომ, აბა, რას აპირებ, უნდა გვიჩივლოო?! წარმოიდგინეთ, ჩამტვრეული ნეკნებით, მთელი დღის ნათრევი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და ვუთხარი ამ პოლიციელებს, რომ გეტყვით კარგ ვერსიას და სიტუაციიდან გამოსავალს, რომ ვითომ კიბეებიდან დავგორდი–მეთქი. ეტყობა, ეს კიბეებიდან ჩამოვარდნა ძალიან ბევრ საქმეში ფიგურირებს და არაო, სხვა ვერსია მოიგონეს, რომ ვითომ, როდესაც პოლიციიდან გამოვედი, ვიღაცები დამხვდნენ, მცემეს და გაიქცნენ, არადა, ზუსტად ორი ნაბიჯია პოლიციიდან ჩემს სახლამდე. ასეთი ხელწერილი დაწერეს და მითხრეს, ხელი მოაწერეო. მე ვუთხარი, დიდი სიამოვნებით, ოღონდ სახლში გამიშვით და მაგას კი არა, თუ გინდათ კენედის მკვლელობაზე მოგიწერთ–მეთქი ხელს. მოვუწერე ხელი და წამოვედი”, – ამბობს იგი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კაპანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პოლიციელებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

 

“30 სექტემბერს პოლიციელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დავით კაპანაძე იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და როდესაც გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში შემოწმების მიზნით, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. როდესაც გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, მას დაუდგინდა სუბოტექსის შემცველი ნივთიერების და მარიხუანის მომხარების ფაქტი. ის იმავე დღეს ხელწერილით გამოუშვეს. ამის შემდეგ მან დარეკა დიდუბე–ჩუღურეთის რაიონულ პოლიციაში და განაცხადა, რომ უცნობმა მამაკაცმა სცემა. როდესაც გამომძიებელმა დაიბარა დაკითხვაზე, მან განაცხადა, რომ მისი მხრიდან არ იყო სწორი განცხადება. თქვა, რომ იცრუა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და აღნიშნულის შესახებ იმიტომ მოიტყუა, რომ საავადმყოფოში არ გადაეხადა თანხა. მან ჩვენებაში ასევე დააფიქსირა, რომ დაზიანება მიიღო თავისივე დაუდევრობის გამო და პრეტენზია არავის მიმართ არ აქვს”.

 

შსს-ს ცნობით, კაპანაძის წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე (ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე) გულისხმობს. ასევე გამოძიება მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

 

“ახლა ლაპარაკობენ, რომ ვითომ არაფერი ზეწოლა არ ყოფილაო. კი, ბატონო, მიაწვნენ მაგ ჩვენებას. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ პოლიციელები იყვნენ და გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაკავებდნენ, რაღაც ფორმა ხომ არსებობს?! რომც გქონდეს ინფორმაცია ადამიანზე, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არის, თუნდაც ატომური ბომბის შექმნის ამბავი დადასტურებულიყო, რაღაცა ფორმა ხომ არსებობს?! უნდა წარმომიდგეს პოლიციელი, მითხრას თავისი ვინაობა და ასე შემდეგ, თუ ეგრეა, როგორც ისინი მოიქცნენ?! დაეგდე მანქანაში, და წიხლებით ნეკნების ჩამტვრევა… რომ მომკვდარიყავი, მერე რას იტყოდნენ?”, – ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ მხოლოდ სასამართლოზე იტყვის, შეესაბამება თუ არა შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნარკოტიკებთან დაკავშირებით სიმართლეს.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, მიმდინარეობს თუ არა შიდა მოკვლევა შსს–ში პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით, თუმცა ნინო გიორგობიანმა განაცხადა:

“ჩვენ არ ვადასტურებთ, რომ ამ პიროვნების მიმართ იყო რაიმე ზეწოლა. ამ თემასთან დაკავშირებით რაც შემეძლო, რომ მეთქვა, უკვე გითხარით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი