ახალი ამბები

ბურჯანაძის პარტიის არადეკლარირებული საარჩევნო ხარჯები

8 ოქტომბერი, 2013 •
ბურჯანაძის პარტიის არადეკლარირებული საარჩევნო ხარჯები

მოთხოვნილი ჯარიმა იმ თანხის ორმაგი ოდენობით განისაზღვრება, რისი დეკლარირებაც არ მოახდინა საარჩევნო სუბიექტმა ოფისების იჯარის კუთხით.

 

ბოლო დეკლარაციით, რაც ნინო ბურჯანაძემ აუდიტის სამსახურში წარადგინა, მის პოლიტიკურ პარტიას – “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” – 98 ოფისი აქვს დაქირავებული, თუმცა, აუდიტის სამსახურის ცნობით, რეალურად პარტიას 108 ოფისი აქვს გახსნილი.

 

ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ოფისების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ გამოითხოვა, რადგან აღნიშნულმა პარტიამ 1 სექტემბრისთვის მხოლოდ ერთი ოფისის დეკლარირება მოახდინა, მაშინ, როცა ამავე პარტიის ვებ-გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია 9 ოფისის თაობაზე.

 

აუდიტის სამსახურის ცნობით, 13 სექტემბრის მდგომარეობით ნინო ბურჯანაძის პარტიამ 19 ოფისის დეკლარირება მოახდინა, როცა რეალურად 90-მდე ოფისი ფუნქციონირებდა:

 

“პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოფისების მეპატრონეების გამოკითხვის შემდეგ, “დემოკრატიული მოძრაობის” დეკლარირებული ოფისების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა, როგორც არაფულადი შემოწირულება”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

 

ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 2-22 სექტემბრის პერიოდს მოიცავს, “დემოკრატიულ მოძრაობას” დეკლარირებული აქვს 98 ოფისი, მათგან 61-ზე მითითებულია, რომ ეს არის კერძო პირების შემოწირულობა.

 

ოფისების გარდა, აუდიტის სამსახურს სხვა ხარჯებთან მიმართებაშიც აქვს ეჭვი, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია მათ რეალურად გასწევს და დეკლარაციაში არ უთითებს. მაგალითად, დეკლარაციაში “დემოკრატიულ მოძრაობას” მითითებული აქვს, რომ მხოლოდ ერთადერთ თანამშრომელზე, ბუღალტერზე გასცემს ხელფასს, დეკლარაციაში ასევე არაა მითითებული ცნობები, ჰყავს თუ არა პარტიას მოხალისეები, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ.

 

“ჩვენ გამოვკითხეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მუშაობენ “დემოკრატიული მოძრაობის” შტაბებში და აცხადებენ, რომ ანაზღაურების სახით უნდა აიღონ 500 ლარამდე, თუმცა ვაწარმოებთ დამატებით მოკვლევას ამ საკითხზე,” – აცხადებს ზურაბ აზნაურაშვილი, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

 

როგორც აუდიტის სამსახურში წარდგენილი დეკლარაციიდან ირკვევა, 2-22 სექტემბრის მონაკვეთში, “დემოკრატიულმა მოძრაობამ” მიიღო შემოწირულობა – 400 640 ლარის ოდენობით, აქედან ფულადი შემოწირულობა იყო 360 103 ლარი, ხოლო არაფულადი შემოწირულობა – 40 537 ლარი.

 

ბურჯანაძის ყველაზე მსხვილი შემწირველი გიგლა ბარამიძეა, “დემოკრატიული მოძრაობის” თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც პარტიას 57 900 ლარი შეწირა.

ყველაზე მსხვილ შემწირველებს შორის არიან ტელეკომპანია “საქართველოს” ყოფილი მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი დავით ბენიძე და ამავე ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი თამარ სტეფანიშვილ. ბენიძე ნინო ბურჯანაძის პარტიას 56 560 ლარით შეეწია, სტეფანიშვილი კი –  57 500 ლარით.

 

“დემოკრატიული მოძრაობის” დეკლარაციაში მითითებულია, რომ არაფულადი, 3000 ლარად შეფასებული შემოწირულობა ავტოიჯარის სახით თავად პარტიის ლიდერს – ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნის.

 

მალავს თუ არა რეალურად “დემოკრატიული მოძრაობა” ოფისების, თანამშრომლებისა და სხვა ხარჯებს დეკლარაციებში? – ამ კითხვებზე პასუხად ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დღეს ამ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი