ახალი ამბები

როგორ აპირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიზისის დაძლევას

7 ოქტომბერი, 2013 • 1321
როგორ აპირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიზისის დაძლევას

“რაც საჭიროა, ჩვენ იმას მივიღებთ, მე ვიყავი უკვე იქ, საიდანაც შესაძლოა მოგვცენ თანხა და უმტკივნეულოდ შეგვპირდნენ ყველაფერს. ისეთი არაფერი, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 2 მილიონამდე, თუ რამდენიმე პროგრამა დაიძვრება ადგილიდან. თუ არადა ჩვენ გადავალთ მეორად პროდუქციაზე და ისედაც გავალთ ახალ წლამდე”, – აცხადებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი მაუწყებელი ამ თანხას ვერ მიიღებს, იანვრამდე ახალი გადაცემები ეთერში აღარ გავა:

“ახლა არის საუბარი რამდენიმე ახალ გადაცემაზე, მაგრამ თუ თანხა არ გვექნა, ყველა გადაცემა აღარ გავა ეთერში, აი, ახალი წლიდან უკვე ჩაეშვება ერთბაშად 14 ახალი გადაცემა. სამაგიეროდ, მანამდე გავა ხალხისთვის სასურველი ოქროს ფონდიდან შერჩეული მასალები”.

ტყემალაძის თქმით, ამ დროისთვის “საზოგადოებრივ მაუწყებელში” ხელუხლებელია სახელფასო ფონდი:

“ახალ ბიუჯეტამდე სხვა მხრივ ცოტა გვიჭირს, მაგრამ ქამრებს მაგრად შემოვიჭერთ და მივალთ ბოლომდე”, – აღნიშნავს ტყემალაძე.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა მექანიზმებით შეიძლება გადაეცეს მაუწყებელს საჭირო თანხა:

“ერთადერთი ორგანო, კანონის საფუძველზე, რომელსაც შეუძლია ბიუჯეტთან დაკავშირებული ფინანსები და ბიუჯეტში შესწორება შეიტანოს, გახლავთ სამეურვეო საბჭო და არ არის არც ერთი სახელმწიფო უწყება და არც ერთი თანამდებობის პირი, ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს სამეურვეო საბჭოს გარეშე. მე დღეს გენერალურმა დირექტორმა მითხრა, ვიყავი ფინანსთა სამინისტროში და რაღაცებს შეგვპირდნენო, უბრალოდ, მე არ მესმის, იურიდიულად როგორ უნდა მოახერხონ ეს”, – აცხადებს ემზარ გოგუაძე.

 

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი მარიამ გოგოსაშვილი განმარტავს, დირექტორის მიმართვის შემთხვევაში “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეიძლება თანხა სარეზერვო ფონდიდან გადაეცეს:

“ამ შემთხვევაში ეს არ იქნება სესხი, ვინაიდან სესხის გაცემაზე საჭიროა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება, თუმცა თანხა შეიძლება გამოიყოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც უკან აღარ დაბრუნდება. მანამდეც ყოფილა სარეზერვო ფონდებიდან კონკრეტული გადაცემებისთვის, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაც” გამოყოფილი თანხა და ახლაც თუ იქნება დასაბუთებული, თუ რაში სჭირდებათ ეს თანხა, როგორ მოხდება განკარგვა და რომ აუცილებლობა არსებობს ამ თანხის მიღების, შესაძლოა გამოუყონ”, – აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.

ემზარ გოგუაძეს დამატებითი თანხის გარეშე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფუნქციონირების გაგრძელება საეჭვოდ მიაჩნია:

“იმ თანხების გარეშე თუკი შეძლებენ იანვრამდე გაგრძელებას, მე ძალიან მეეჭვება, თუმცა არ მინდა წარმოვიდგინო უფრო რთული სიტუაცია და კოლაფსი. იმ შემთხვევაში, თუ თანხა ვერ მიიღეს, იმედია, მათ ეყოფათ ანგარიშის უნარი, რომ როგორმე დარჩენილი თანხები მაქსიმალური შემჭიდროებით გამოიყენონ. არის თუ არა კრიზისი “საზოგადოებრივ მაუწყებელში”, ეს დეკემბერში გამოჩნდება უკეთ, მანამდე, ალბათ, ჩემი ვარაუდით, ინერციით მივლენ. ჩვენ ფინანსურ დირექტორს შევხვდებით და ამის შემდეგ, ალბათ, გვექნება უფრო მკაფიო სურათი”, – აცხადებს ემზარ გოგუაძე.

რაც შეეხება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამაუწყებლო ბადეს, როგორც თამაზ ტყემალაძე ამბობს, ბადე თითქმის დამტკიცებულია:

“სამაუწყებლო ბადე ფაქტობრივად დამტკიცებულია, მაგრამ ის ახალი გადაცემები, რომლებსაც თანხები სჭირდებოდა, დროებით შეჩერდება”, – ამბობს ტყემალაძე.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 7 წევრი დარჩა, ბორდი გადაწყვეტილების მიღებას ვეღარ ახერხებს:

“ანგარიშის მოსმენის დონეზე ჩვენ ფუნქციონირება შეგვიძლია, მესამე კვარტლის ანგარიშსაც მოვისმენთ, ამას 8 კაცი დაესწრება თუ 7, არ აქვს მნიშვნელობა”, – აცხადებს ემზარ გოგუაძე.

 

მისივე თქმით, იმისათვის, რომ მოქმედმა ბორდმა სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება, საკანონმდებლო ცვლილება იქნება აუცილებელი, რაც, გოგუაძის განცხადებით, იანვრამდე ვეღარ მოესწრება. 1 იანვრიდან კი ძალაში შედის მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც ბორდი ახალი შემადგენლობით განახლდება.

 

მანამდე კი, ემზარ გოგუაძის თქმით, მაუწყებელს მოუწევს იარსებოს იმ რეალობის შესაბამისად, რაც ამ დროისთვისაა შექმნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი