მუსლიმთა თემის წარმომადგენლების თქმით, მეჩეთის მშენებლობას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირადად დააფინანსებს. მუსლიმებმა მეჩეთის ასაშენებლად ადგილის გამოყოფის მოთხოვნით აჭარის მთავრობას 11 სექტემბერს მიმართა.
“რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელზეც მიდის მსჯელობა. მეჩეთის გაფართოება კი არა, ახლის აშენება იგეგმება. ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. ამ ეტაპზე არ ვახმაურებთ ადგილებს, მითქმა-მოთქმის საბაბი რომ არ მივცეთ და დაძაბულობა არ მოჰყვეს ამ ამბავს, დაზუსტდეს და მერე გავახმაურებთ”, – უთხრა “ბათუმელებს” “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ, რომელიც მეჩეთის მშენებლობის თაობაზე გასულ კვირას პრემიერ ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, იმსჯელეს მშენებლობის ვადებსა და სხვა დეტალებზეც:
“ამასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გაგრძელდება ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ვისაც ამ საქმის მოგვარება ეხება. მშენებლობა კი მაშინ დაიწყება, როდესაც გადაწყდება კანონით გათვალისწინებული ბიუროკრატიული საკითხები – მიწის გამოყოფა, პროექტის მომზადება…”
ტარიელ ნაკაიძის თქმით, იმ ადგილებს შორის, რომელზეც მეჩეთის მშენებლობა განიხილება, “ზოგი ჩვენთვის არ არის მისაღები, ზოგი მათთვის… მაგრამ ამაზე შევჯერდებით – მეჩეთი უნდა აშენდეს ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე, რათა განტვირთოს არსებული მეჩეთი”.
პრემიერთან შეხვედრას წინ უსწრებდა წერილი აჭარის ხელისუფლებაში მეჩეთისთვის მიწის გამოყოფის თხოვნით. ვიდრე აჭარის მთავრობაში იმაზე მსჯელობენ, მისცენ თუ არა მუსლიმებს ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი ბათუმში, თემის წევრებმა ფულის შეგროვება დაიწყო.
“ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენს გაიღებს. შეუძლიათ ერთი ლარიც გაიღონ. რამდენმა გაიღო შესაწირავი არ ვიცი, მაგრამ არის ზუსტი სია გაკეთებული”, – ამ-ბობს სოფელ დანისპარაულში მცხოვრები ნოდარ აბულაძე.
იმავე სოფლის მცხოვრები ედნარ ბოლქვაძე ადასტურებს, რომ შესაწირავი მეზობელ სოფლებშიც გროვდება, თუმცა კონკრეტულად რა თანხაა ამ დროისთვის შეგროვებული, ზუსტად არ იციან.
ხულოს მუფტის ასლან აბაშიძის ინფორმაციით, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსების მოძიება ყველა იმ რეგიონში მიმდინარეობს, სადაც მუსულმანები ცხოვრობენ:
“საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მუსლიმებს ურიგდება სპეციალური ბლანკები, რისი მეშვეობითაც შეუძლიათ შესაწირავის გაღება”.
მუსლიმ მოსახლეობას და სასულიერო პირებს რამდენიმე დღის წინ კავკასიის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ჟურნალისტები შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე ასლან აბაშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკუთარი ავტომანქანა “ნივა” გაყიდა და თანხა – 4500 ლარი აპირებს მეჩეთის მშენებლობას შესწიროს.

ასლან აბაშიძის ინფორმაციით, ყველა მოქმედ მეჩეთში დაიდგა სპეციალური ყულაბა, სადაც ასევე მშენებლობისთვის თანხას აგროვებენ.
თანხის შეგროვების ორგანიზების პარალელურად, მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით საქართველოს სამუფთომ აჭარის მთავრობას 11 სექტემბერს წერილობით მიმართა. სამუფთოში აცხადებენ, რომ მთავრობისგან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია სირაბიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ აჭარის მთავრობაში მუსლიმების წერილი განხილვის ეტაპზეა:
“სამწუხაროდ, სხვა დეტალებს ვერ დავაზუსტებ”.
“ბათუმელებმა” ასევე ივანიშვილთან შეხვედრის გამართვამდე სცადა “სხვა დეტალები” გაერკვია არჩილ ხაბაძესთან, მაგალითად, ვინ არის მუსლიმების წერილის განხილვის პროცესში ჩართული? აპირებენ თუ არა საერთოდ უპასუხონ მორწმუნეების წერილს წერილობით? აჭარის მთავრობის თავმჯდომარე “ბათუმელებისთვის” მიუწვდომელი აღმოჩნდა.
მთავრობაში საკითხის განხილვის შესახებ არაფერი სმენია არჩილ ხაბაძის მრჩეველს რელიგიურ საკითხებში ბექირ (ბეჟან) ბოლქვაძეს. აჭარის ყოფილმა მუფტმა ბექირ (ბეჟან) ბოლქვაძემ “ბათუმელებს” უთხრა:
“პროცესი არის თუ? ჯერჯერობით რამე არ არის. როგორაა იცით, საქმის კურსში კი ვარ, მაგრამ დისკუსია ან საკითხის გარჩევა, ასეთი რამ ჯერ არ არის”.
ყოფილი მუფტი ვარაუდობს, რომ “ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძვრება”.
ყოფილი მუფტის კომენტარიც “ბათუმელებმა” პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან შეხვედრამდე ჩაწერა.







