ახალი ამბები

სიღნაღის რესტორანში ინციდენტის მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

7 ოქტომბერი, 2013 • 1769
სიღნაღის რესტორანში ინციდენტის მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, სიღნაღში მდებარე რესტორანში დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და რესტორნის მფლობელს, ლია ბოსტოღანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:


“შსს-ს დაცვის პოლიციის ოპერატიულმა ჯგუფმა დროული რეაგირება მოახდინა და სიტუაცია ადგილზევე განმუხტა”, – აცხადებენ შსს-ში.

 

მათივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით რესტორნის მეპატრონეს პოლიციისთვის არ მიუმართავს:

 

“მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა იოსებ ჯავაშვილის ქმედებაზე რეაგირება მოახდინეს და ჩატარებული ღონისძიების შედეგად ის წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად დააკავეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

რამდენიმე დღის წინ რესტორნის თანაშრომლებმა კახეთის რეგიონულ ტელევიზია “გურჯაანს” მისცეს ინტერვიუები, სადაც საუბარია, რომ 3 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე, სიღნაღის პოლიციის უფროსის მამის დაკრძალვიდან მომავალი რამდენიმე მამაკაცი საქეიფოდ გაჩერდა სიღნაღში მდებარე რესტორან “ნიკალაში”. როგორც რესტორნის პერსონალი აცხადებს, აღნიშნულმა პირებმა რესტორან “ნიკალაში” მყოფ ტურისტ ქალებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ძალადობა სცადეს. ხოლო მოგვიანებით თავად რესტორნის პერსონალიც შეურაცხყვეს.

 

“მოითხოვეს თავიდან შამპანიური, ვუთხარით, რომ არა გვაქვს, მერე მოითხოვეს “დაჭრილი ძუძუ” და მე ვუთხარი, რომ ასეთი რაღაცები აქ არ მოითხოვოთ- მეთქი. პოლიცია მოვიდა, მაგრამ პოლიცია აშკარად უძლური აღმოჩნდა ამათ წინაშე, იმიტომ, რომ არ ვიცი, ვინ იყო ეს ხალხი, რას წარმოადგენდნენ, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, პოლიციის უფროსის მამის დაკრძალვაზე ყოფილან და პოლიცია იმიტომ აღმოჩნდა უძლური ამათ წინაშე,” – განაცხადა რესტორნის თანამშრომელმა ლიკა ბოსტოღანაშვილმა.


რესტორნის თანამშრომლებმა დაასახელეს ინციდენტის მონაწილეები და მათი ავტომანქანების მოდელები და ნომრები: ორი ჯიპი, ნომრებით – OUO 002 და EKU 004, ოლეგი ჯავაშვილი, პაატა და მამუკა გიორგაძეები.


5 ოქტომბერს ამ ფაქტთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ გაფრთხილება მისცეს ინციდენტის მონაწილე 2 პირს, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ რესტორნის ადმინისტრაციას პრეტენზია არ ჰქონდა, არ არსებობდა საქმის აღძვრის საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი