ახალი ამბები

GDI მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, დროულად დაიწყოს GPB–ს საქმის გამოძიება

7 ოქტომბერი, 2013 • 993
GDI მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, დროულად დაიწყოს GPB–ს საქმის გამოძიება

“მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ განაცხადა იმ პირის ვინაობის შესახებ, რომელიც, მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრის სახელით აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებას, ხოლო მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში – მუქარას. აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, რაც საზოგადოებისათვის ნათელი გზავნილი იქნებოდა. საზოგადოებას დღემდე არ მიგვიღია ინფორმაცია, თუ რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნულ პროცესს.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრის მითითებით, აღნიშნული საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, გამოძიების მყისიერად და მიუკერძოებლად წარმართვისა და ეფექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არასათანადო რეაგირებამ წაახალისა სხვა პირები, განეხორციელებინათ ზემოქმედება საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრებზე.

 

“გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და სხვა პირთა მხრიდან ზემოქმედების მოხდენის შესახებ, რაც მათგან საბჭოს  დატოვების მოთხოვნაში გამოიხატება. სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტის შესახებაც სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან რაიმე სახის რეაგირებაზე ინფორმაცია კვლავ არ მიგვიღია.

 

ასევე შემაშფოთებელია სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში აქტიურად ერევა პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კოკა ყანდიაშვილი.

 

საქართველოს კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა კანონმდებლობით დაუშვებელადაა მიჩნეული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს წინასწარი გამოძიება აღნიშნული ფაქტების შესახებ და გაატაროს მყისიერი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ ყოველგვარი ზემოქმედება, ხოლო პარალელურად, დროულად განახორციელოს სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა.

“ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, მათ ლიდერებსა და მხარდამჭერებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებზე რაიმე სახის ზემოქმედებისაგან, რაც საფრთხეს უქმნის მაუწყებლობის ინსტიტუციურ და სარედაქციო დამოუკიდებლობას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი