ახალი ამბები

ნაცმოძრაობის ცნობით, მათ აქტივისტს შს მინისტრის ნათესავი ფიზიკურად გაუსწორდა

7 ოქტომბერი, 2013 • 1094
ნაცმოძრაობის ცნობით, მათ აქტივისტს შს მინისტრის ნათესავი ფიზიკურად გაუსწორდა
როგორ პარტიაში იუწყებიან, 5 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის დასრულების შემდეგ, მათმა ერთ-ერთ აქტივისტმა კახა კალაშოვმა თავის სამუშაო ფარდულში (იგი არის მეწაღე და სახლის მახლობლად მცირე საწარმო აქვს მოწყობილი) საქართველოს დროშა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის დელეგატის მანდატი გააკრა კედელზე.


“მის ფარდულში შესულმა სამმა პიროვნებამ, დაინახა რა, ეს ნივთები, მოსთხოვეს ჩამოეხსნა და დაეხია, რაზეც კალაშოვმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ კახა კალაშოვს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი არის შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილის ნათესავი, მიხეილ სანამაშვილი. სანამაშვილი ემუქრებოდა კალაშოვს, რომ ნათესავების, კერძოდ, თამაზ თამაზაშვილის დახმარებით სასტიკად გაუსწორდებოდა. მეორე თავდამსხმელი არის თამაზ გვარამია, ხოლო მესამე თავდამსხმელის ვინაობა კახა კალაშოვისთვის უცნობია. სწორედ ეს მესამე კალაშოვს ემუქრებოდა, რომ ის რუსეთიდან სპეციალურად გამოაგზავნეს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა იმისათვის, რომ ვინც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მხარს უჭერს, ყველას გაუსწორდეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან ამ საქმის სასწრაფოდ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას.

 

დაიწყო თუ არა ამ საქმის გამოძიება და დაიკითხნენ თუ არა როგორც დაზარალებული, ისე ის პირები, რომლებსაც თავდასხმაში ადანაშაულებენ? – ამ კითხვებით “ნეტგაზეთმა” შს სამინისტროს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ გაარკვევენ დეტალებს და შემდეგ მოგვაწვდიან ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი