“კახელების აღმა ხნული ქართლელებმა დაბლა ფარცხესო, აი, დაახლოებით ამ ისტორიაში ვართ. ჩვენ ჯინაზე შეჩერდა ბევრი შენობა, ვიღაცებს იჭერენ. შემდეგი მთავრობა, რომ მოვა, ვთქვათ, ჩვენი მთავრობა, ჩვენ დავიჭიროთ ესენი და შევაჩეროთ ყველაფერი, რასაც ესენი გააკეთებენ?! რა თქმა უნდა, არა, და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მუდმივად ანადგურებდა ეს ციკლი შურისძიების”.– განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმ დროშაზეც ისაუბრა, რომლის პრეზენტაციაც 5 ოქტობერს გამართულ ყრილობაზე გაიმართა. დროშაზე ოთხი გულია გამოსახული. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერზე მაღლა სიყვარული უნდა დავაყენოთ:
“ნახევრად სერიოზულად ეს გულებიანი დროშა ავაწევინე და შევთავაზე ნახევრად სერიოზულ პარტიას, ეს თქვნი დროშაც იყოს-თქო. მე ვიყენებ ამას ჩემს მამულში, კახეთში. იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ სიყვარული. სიყვარული მარტო ის კი არ არის, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ოჯახი, ჩვენი ნათესავები, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩევნი თანამოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ორიენტაციისა, მაგრამ პირველ რიგში უნდა გვიყვარდეს სამშობლო და თუ ჩვენ ვთქვით, რომ სიყვარული არის მხოლოდ ჩემი ნათესავები, მეგობრები; ახლობლები მოვაწყო სამსახურში და ყველა სხვა აღოჩნდეს თამაშგარე მდგომარეობაში, ეს არის სიმახინჯე. ნამდვილი სიყვარული არის ის, რომ შენი სამშობლო დააყენო ყველაზე მაღლა და მოაწყო ქვეყანა. ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტი ნეტავ არ დაეხურათ, ვის ჯინაზე დახურეს?! მე მომიგეს ნიშანი?! ამხელა ამერიკული უნივერსიტეტი გვყავდა შემოყვანილი, მსოფლიო კლასის დიპლომს გავცემდით”.
მისივე თქმით, საქართველოში დაწყებულ პროგრესს წინ ვერაფერი დაუდგება:
“პროგრესს საქართველოში წინ ვერ დაუდგება ვერაფერი და სხვადასხვა კონფიგურაციით, ბევრად უფრო დემოკრატიული ფორმით, გუნდი შეიცვლება და ამის ყველა სიმპტომი სახეზეა. ის იდეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ეს აღმშენებლობა ვერსად ვერ გაქრება, ვერ ჩაირეცხება და გაუჩინარდება და ვერ მიიჯირყვენება. კი, შეჩერებულია მშენებლობები, მაგრამ ამას ვეღარაფერი გააჩერებს. ამიტომ აღმშენებლობის იდეა, რა თქმა უნდა, გააგრძელებს თავის არსებობას – ახალი ფორმით, ახალგაზრდბოს ჩართვით, ბევრად უფრო დემოკრატიულად ახალი თანამედროვე ეპოქის პირობებში, როცა მოქალაქე იქნება ყველაზე მთავარი, როცა ბიზნესი იქნება ხელშეუხებელი და ადამიანის პირადი ცხოვრება იქნება ხელშეუხებელი. ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს, არის ის, რომ ჩავეჭიდოთ წარსულს და არ ვიფიქროთ მომავალზე”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ოქტომბერს, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს და ახალი წედება დაამტკიცეს.







