ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზბეკეთის 6 მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა

6 ოქტომბერი, 2013 •
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზბეკეთის 6 მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა

შსს–ს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ექვსმა ქალმა საქართველოში შემოსვლის მიზეზი ვერ დაასახელა და სწორედ აღნიშნულის გამო უზბეკეთის მოქალაქეები  უკან  გააბრუნეს. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, საქართველოში შემოსვლისთვის პირს ევალება თუ არა  წარმოადგინოს მიზეზი, უწყებაში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ. 

 

გაბრუნებული პირებიდან ერთ–ერთი იგორ ჯობავას მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. როდესაც მის მეგობარს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, მან პროტესტი ხმამაღლა გამოხატა და უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. იგორ ჯობავამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი მეგობარი ამ დრომდე თბილისის აეროპორტშია:

 

” გუშინ არ წავიდა უკან და ძალით ხომ არ ჩასვამდნენ თვითმფრინავში?! მე მითხრეს, რომ უკვე გაფრინდაო. წამოვედი ბათუმში, შემდეგ დამირეკა, რომ აეროპორტში ვარო. მე მაინტერესებს, არ შეიძლება უზბეკი შეყვარებული გყავდეს? ჩემთან ჩამოსვლა არ შეიძლება? ტურისტული ქვეყანაა ჩვენი ქვეყნა, მით უფრო, ორივე გზის ბილეთი აქვს აღებული.”

 

იგორ ჯობავას განცხადებით, მისი მეგობარი ერთი თვის წინ იმყოფებოდა საქართველოში და მსგავსი პრობლემა არ შექმნია. მისივე თქმით, დანარჩენ 5 ქალთან მის მეგობარს კავშირი არ აქვს და მისთვის უცნობია, ვინ არის ის 5 მოქალაქე, რომლებიც უკან გაბრუნდნენ. 


უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით:


“სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე შეიძლება უარი უთხრას ნებისმიერ  უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო  დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა,  ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), და ინფექციური დაავადებით დაავადებულ პირს”– წერია კანონში. 

 

კანონის მიხედვით, უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლებამოსილია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი