ახალი ამბები

პირველი ლედის “მუზა” დახურვის საფრთხის წინაშეა

6 ოქტომბერი, 2013 • • 1178
პირველი ლედის “მუზა” დახურვის საფრთხის წინაშეა

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს:

 

“გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა 24-საათიანი კლასიკური მუსიკის რადიოარხის მიმართ, რადგანაც ჩვენი გადარჩენის საკითხი დგას”.

 

რადიო “მუზას” მხარდასაჭერად “ფეისბუქზე” სპეციალური გვერდი “არ მოკლათ მუზა” შეიქმნა. გვერდზე გამოქვეყნებულია ელისო ვირსალაძის, გია ყანჩელის, ხატია ბუნიათიშვილის, გია ბუღაძის, ლაშა ბუღაძის, კახა თოლორდავას და ზურაბ გეწაძის ღია წერილები კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას სახელზე, სადაც ავტორები რადიოს არსებობის გაგრძელების მნიშვნელობის შესახებ წერენ.

 

რადიო “მუზას” გენერალურმა მენეჯერმა შორენა კოპალეიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ 2013 წლიდან რადიოს დაფინანსებას პრობლემები შეექმნა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ “მუზა” კულტურის სამინისტროს გადაეცემოდა და მისი დაქვემდებარების ქვეშ იქნებოდა:

 

“ეს ისეთი ფორმატის და შინაარსის რადიოა, მისი გაქრობა და ქვეყანაში ასეთი მაუწყებლის არარსებობა, უბრალოდ, არ შეიძლება, ამ ფორმატის რადიო ყველგან ატარებს სახელმწიფოს სტატუსს. ეს, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრომ გაიაზრა, გადაწყდა, რომ კულტურის სამინისტრო შექმნიდა სსიპ–ს და დაიქვემდებარებდა რადიო “მუზას”. ამას მოეწერა ოფიციალურად ხელი. სანდრა რულოვსისთვის რადიოს დათმობა არ იყო მარტივი, რადგან ეს მისი იდეა იყო, ბევრი იმუშავა პროექტის განხორციელებაზე. საბოლოო ჯამში, ქალაბატონი სანდრა დათანხმდა, რომ უსასყიდლოდ ეს ყველაფერი გადაეცემოდა კულტურის სამინისტროს, ოღონდ რადიო გადარჩენილიყო,”– აცხადებს შორენა კოპალეიშვილი.  

 

კულტურის მინისტრმა  და პირველმა ლედიმ 2013 წლის მაისში მემორანდუმს ხელი მოაწერეს, რომლის თანახმადაც სანდრა რულოვსის მიერ დაფუძნებულ რადიო “მუზას” საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებოდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, კულტურის სამინისტროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, არ აქვს უფლება მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობდეს. 

 

“კანონმდებლობა ერთია, მაგრამ, როდესაც ნება არსებობს და სახელმწიფოს ინტერესია, ამ შემთხვევაში კულტურასთან დაკავშირებით გამოიძებნა მაშინვე გზები, რომლის თანახმადაც მოხდებოდა გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონში, რომლითაც კულტურის სამინისტროს გამონაკლისის სახით მიეცემოდა მასმედიის ფლობის უფლება. ჩენ ვეთანხმებით, რომ კანონის შეზღუდვა სწორი პუნქტია და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები არ უნდა ფლობდნენ მაუწყებელს, მაგრამ კულტურის სამინისტრო, მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთ–ერთი ის სამინისტროა, რომელიც ფლობს ამ უფლებას, რადგან კულტურის სამინისტრო აკეთებს ქვეყნის კულტურის პროპაგანდას და ეს მისაღებია ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიცისთვისაც. ამიტომ ეს საკითხი პრობლემად არ ყოფილა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” შორენა კოპალეიშვილმა.  

 

მისივე თქმით, კულტრურის სამინისტროს იურისტებმა რადიოსთან თანამშრომლობით მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილების კანონპროექტი, თუმცა პროექტს საკანონმდებლო ორგანომდე არ მიუღწევია და პროცესი 4 თვეა გაწელილია:

 

“კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ გარკვეულწილად შეაფერხა, რომ მაუწყებლობის კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს 2015 წელს და არ ვთვლით ამას მიზანშეწონილად. ჩვენ ყველანაირი კომუნიკაცია შეგვიწყდა და მე, როგორც რადიო “მუზას” გენერალურ მენეჯერს, მითხრეს, რომ  ამ ეტაპზე კულტურის სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს და ის სამართლებრივ ჩიხშია. მე დავეთანხმებოდი კულტურის სამინისტროს, ბოლომდე რომ ეცადა თავისი პოზიციის და ნების გატანა. ეს საკითხი რომ მომზადებულიყო, გასულიყო და თუნდაც პარლამენტში დაბლოკილიყო, მაშინ ჩვენ ვიტყოდით, რომ კულტურის სამინისტრომ ბოლომდე გააკეთა ყველაფერი და საქართველოს პარლამენტმა კანონი არ დაამტკიცა”. 

 

მიუხედავად შეწყვეტილი კომუნიკაციისა, შორენა კოპალეიშვილი ამბობს, რომ სამინისტრომ ოპერატიუკლად მოაწყო კულტურის მინისტრის მოადგილესთან, მანანა ბერიკაშვილთან მისი შეხვედრა,  რომელმაც სიტუაციის გარკვევისთვის დრო ითხოვა. შორენა კოპალეიშვილის განცხადებით, მისი ბოლო შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან 3 ოქტომბერს შედგა:

 

“ჩვენ ბოლო სამი დღეა ღია ეთერები გვაქვს და მთელი ეს კულტურული ელიტა, ვისთვისაც ეს რადიო ძალიან ძვირფასია, ისინი პირდაპირ უკავშირდებოდნენ მათ, წერდნენ, რეგიონებიდან შევიდა ძალიან ბევრი ზარი და ამ სიგნალების შემდეგ მანანა ბერიკაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ სიტუაცია ლაგდება და ფაქტიურად მოგვარებულია და რადიოს საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი. გულახდილად მინდა გითხრათ, რომ მე ამ ლაპარაკის არ მჯერა, იმიტომ, რომ კონკრეტული ნაბიჯი არ გადადაგმულა დღემდე, რომ გადაწყვეტილიყო და მოგვარებულიყო. 4 თვე ვიყავი დაპირების რეჟიმში და არ მჯერა, რომ ეს საკითხი შეიძლება დადებითად გადაწყდეს”. 


რადიო “მუზას” გასულ წლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” აფინანსებდა. 2009 წელს ფონდი 456 342 ლარით შეეწია „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“, 2010–ში კი – 644 952 ლარით. ორივე შემთხვევაში თანხა ასოციაციას რადიო „მუზის“ ფუნქციონირებისთვის გადაერიცხა. 2011 წელს ფონდსა და რადიოს შორის ურთიერთობა გაწყდა. როგორც შორენა კოპალეიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, “მუზას რამდენიმე კერძო სპონსორი აფინანსებდა და დაფინანსების დიდი პროცენტული წილი ასევე მოდიოდა “საქართველოს რკინიგზაზე”, რომელმაც 2013 წლიდან პირველი ლედის რადიოს სპონსორობაზე უარი განაცხადა. 


“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კულტურის  სამინისტროსაც, უწყებაში განგვიცხადეს, რომ საკითხის მოასაგვარებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში რადიოს საკითხი დადებითად გადაწყდება. 


რადიოს გენერალური მენეჯერის განცხადებით, ბოლო ერთი წელი რადიო დანაზოგით არსებობდა და დარჩენილი რესურსი ნოემბრის ბოლომდე იქნება საკმარისი, რის შემდეგაც რადიო გაითიშება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი