ახალი ამბები

მანდატურს ბავშვთა დაცვის ოფიცერი ჩაანაცვლებს

5 ოქტომბერი, 2013 • • 1222
მანდატურს ბავშვთა დაცვის ოფიცერი ჩაანაცვლებს

ცვლილეების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  aris. ge–სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

 

“მათი ძირითადი მოვალეობა ბავშვის დაცვა იქნება, როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ. ვფიქრობთ, საპილოტე პროგრამას მეორე სემესტრიდან ავამოქმედებთ. უსაფრთხო სკოლის პროგრამის განხორციელებისთვის მხოლოდ პრობლემების რაოდენობრივი აღრიცხვა და მოსწავლეთა დასჯის გზით დანაშაულის პრევენცია საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ სამსახურის რეფორმა 2012-2013 წლებში ნაწილობრივ განხორციელდა. შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრები, რომელიც დახმარებას უწევს, როგორც მოსწავლეებს, ასევე, სკოლის პერსონალს. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ ცენტრში საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მანდატურების გარკვეული რაოდენობის გადამზადება მიმდინარეობს, რათა მათ ახალი პროფესიული უნარ-ჩვევები შეიძინონ”.– განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

მისივე თქმით, გადამზადების საფუძველზე მანდატურმა უნდა შეძლოს მოსწავლის ქცევითი და ემოციური პრობლემების იდენტიფიცირება, სარისკო ადგილების აღმოჩენა, კრიზისული სიტუაციების მართვა, მცირე კონფლიქტების მოგვარება და საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის, პედაგოგის, მშობლის ფსიქოლოგიურ ცენტრში გადამისამართება.

 

“ამ ცენტრებმა ძალიან კარგად იმუშავეს, მათ ჩაანაცვლეს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც მანამდე სკოლაში არსებობდა. თუმცა, არაეფექტური იყო. ამ ცენტრს ძალიან დიდი კონტიგენტი ჰყავს. აქედან გამომდინარე, მანდატურის ფუნქცია და კომპეტენცია იცვლება და ის მთლიანად ბავშვის უფლების დაცვაზე და მის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული იქნება. სამსახურის სახელწოდებაც და შინაარსიც ცვლილებას განიცდის”. 

 

თამარ სანიკიძის განცხადებით, სამინისტრო ასევე მუშაობს სკოლებში სამედიცინო სამსახურის აღდგენაზე, რომელიც 2010 წელს გაუქმდა. განათლების სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ საკითზე ჯანდაცვის სამინისტროც მუშაობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი