ახალი ამბებისაზოგადოება

დიდი ჰესების მშენებლობის წინაღმდეგ თბილისში აქცია იმართება

14 მარტი, 2018 •
დიდი ჰესების მშენებლობის წინაღმდეგ თბილისში აქცია იმართება

დღეს, 14 მარტს, თავისუფლების მოედანზე დიდი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდ აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებმა შეკრება “აზიის განვითარების” ბანკის ოფისთან 13:00 საათიდან დაიწყეს.

აქციის  “არა საქართველოს დატბორვას! არა ჰესომანიას!” მონაწილეები აპირებენ გამართონ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის შენობისკენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აპროტესტებენ სვანეთში და რაჭაში იმ ჰესების მშენებლობას, რომლებიც გარემოსა და ადგილობრივ მცხოვრებლებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

თორნიკე გოშვანი, რომელიც ამ აქციაზე მონაწილეობისთვის ჭუბერიდან ჩამოვიდა, ამბობს, რომ ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით ადგილობრივებს არაფერს უთანხმებენ.

“ყველაფერი ხდება შეუთანხმებლად. არაფერს გვითანხმებენ მოსახლეობას. შეგვიძლია ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი და არ ავიშენოთ თავზე ისეთი სახიფათო რაღაც, რაც არის ნენკსრა ჰესი”, – ამბობს თორნიკე გოშვანი.

მისი თქმით, ნენსკრა ჰესის აშენება შეცვლის კლიმატს, ასევე ჰესი შენდება სეისმურად აქტიურ ზონაში. იგი ნენსკრას, ხუდონის და სხვა დიდი ჰესების აშენების წინააღმდეგია.

რამაზ მეტრეველმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეწინააღმდეგება ონში, მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობას.

“12 კმ გვირაბი უნდა გაითხაროს ჰესის მშენებლობისთვის. ნახევარი ზემო რაჭის დატბორვის საშიშროება დგას”, – ამბობს თამაზ მეტრვეელი.

მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რიონს ახასიათებს წყალმოვარდნები და გვირაბში გაყვანილმა მდინარემ შესაძლოა გამოანგრიოს გვირაბი და სოფლები დატბოროს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მწვანე ალტერნატივის წევრმა დათო ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკში და აზიის განვითარების ბანკში დატოვებენ თავიანთ მიმართვას და სვანეთის თემების დეკლარაციას დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ.

“დღეს არის მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღე, აქედან გამომდინარე ყველა რეგიონის წარმომადგენლებმა, სადაც მწვავედ დგას ჰიდროენერგეტიკული საკითხები, გადაწყვიტეს, რომ შეკრებილიყვნენ”, – განაცხადა დათო ჭიპაშვილმა.

ჭიპაშვილის თქმით, აქცია ეხება ზემო სვანეთში ნენსკრას, ხუდონის,  50 ჰიდროელექტროსადგურის, ლეჩხუმში- ნამახვან ჰესის, რაჭაში – ონის კასკადის მშენებლობას.

ჭიპაშვილის თქმით, აქციები გაიმართება ქუთაისში, მესტიასა და ჭუბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი