საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემის წინასწარი თანხმობის მისაღებად განცხადებებით შპს „იბერია TV“-მ და შპს „ტელეკომპანია აისმა“ მიმართეს.
ორივე კომპანიის ერთობლივი თხოვნის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „ტელეკომპანია აისის“ სამაუწყებლო ლიცენზიის შპს „იბერია TV“-სთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხი დაჩქარებული წესით, დღევანდელ სხდომაზე დამატებით საკითხად განიხილა.

სხდომას ორივე კომპანიის იურისტები ესწრებოდნენ. “იბერიას” იურისტის ხათუნა ფურელიანის განმარტებით, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გაცემული იქნა წინასწარი თანხმობა დღევანდელი კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია “აისის” მიერ “იბერია TV” –ზე სპეციალიზირებული მაუწყებლობის ბე–106 ლიცენზიის გადაცემის თაობაზე:
“ეს იყო დღევანდელი სხდომის ერთ–ერთი საკითხი, რაზეც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ. ლიცენზიის გადმოცემას ამას ვერ დავარქმევდი, ვინაიდან ტელეკომპანია “აისსა” და ტელეკომპანია “იბერიას” შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა. სასამართლო დავის ფარგლებში მხარეთა შორის მიმდინარეობს გარიგება. ეს არის ერთი ნაწილი ამ მორიგების პროცესის. “იბერია TV” ითხოვს ლიცენზიის დაბრუნებას. ტელეკომპანია “აისი” გამოხატავს კეთილ ნებას და აბრუნებს ამ ლიცენზიას. შესაბამისად, ეს არის ერთ–ერთი შემადგენელი რგოლი ამ პროცესის. მარგელურებელი კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე მხარეები რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, ლიცენზიის გადაცემა ვერ მოხდება. ამიტომ ჩვენ ავიღეთ წინასწარი წერილობითი თანხმობა კომუნიკაციები კომისიისგან, რომ ჩვენ მორიგების ფარგლებში ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და ლიცენზიის დაბრუნებაზე გავაგრძელოთ მსჯელობა.”
ტელეკომპანია “იბერიას” იურისტი აცხადებს, რომ ლიცენზია კომპანიას სრულფასოვნად მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მხარეთა მორიგების შემთხვევაში გადაეცემა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, როდესაც პირი სხვა პირს გადასცემს სამაუწყებლო ლიცენზიას, ამისთვის საჭიროა წინასწარი თანხმობა. ასეთი ქმედების განხორციელებას გეგმავს ეს ორი კომპანია. “აისი” სამაუწყებლო ლიცენზას გადასცემს “იბერიას” და წინასწარ მიმართა კომისიას.




