ახალი ამბები

ნინო დანელია: წერილების და სატელეფონო ზარების შტურმი იყო და ჩემგან საბჭოს დატოვებას მოითხოვდნენ

4 ოქტომბერი, 2013 • 1031
ნინო დანელია: წერილების და სატელეფონო ზარების შტურმი იყო და ჩემგან საბჭოს დატოვებას მოითხოვდნენ
“ბუნებრივია, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამიტომ არ ვაპირებ საბჭოს დატოვებას”, – აცხადებს ნინო დანელია.
 
 
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ დღეს განაცხადა, რომ ნინო დანელიამ მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ საბჭოს წევრებს ელექტრონული ფოსტით მიწერა წერილი:


დანელია ნინო
დანელია ნინო

“დანელიამ მოგვწერა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ალბათ, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან, ამის შესახებ შეგიძლიათ თავად დანელიას კითხოთ, გვითხრა, რომ ასეთი ზეწოლა თქვენზეც იქნება და ფრთხილად იყავითო”, – განაცხადა გოგუაძემ.


“ზეწოლა ემზარის ტერმინია, წერილების და სატელეფონო ზარების შტურმი იყო უფრო, სადაც საბჭოს დატოვებას მოითხოვდნენ ჩემგან. წერილი კი მართლა მივწერე საბჭოს წევრებს და ვთხოვე, რომ ამ ვითარებაში საკრებულოს წევრებივით არ მოქცეულიყვნენ და საბჭო არ დაეტოვებინათ”, – აცხადებს ნინო დანელია “ნეტგაზეთთან” საუბარში.


ნინო დანელიას თქმით, ის პირები, რომლებიც მას უკავშირდებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ საბჭოს სხვა წევრებთანაც ჰქონდათ ამავე საკითხზე ინტენსიური საუბარი:


“ამ ადამიანებს არ ვასახელებ, რადგან ყველა საუბარი პირადი საუბარი იყო. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ უშიშროების თანამშრომელი ემზარ გოგუაძეს, საბჭოს თავმჯდომარეს აშანტაჟებდა მის კაბინეტში. ავთანდილ ანთიძეს შესთავაზეს მაღალანაზღაურებადი სამსახური საბჭოდან გასვლის სანაცვლოდ. ამ ფონზე საბჭოდან გავიდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ეკატერინე მაზმიშვილი.”


ნინო დანელიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ის არ აპირებს საბჭოს დატოვებას, ბორდი თავის ფუნქციას უკვე ვეღარ შეასრულებს:


“რადგან გადაწყვეტილების მისაღებად, ახლანდელი კანონის მიხედვით, 8 ხმაა საჭირო. რაც ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება, ტელევიზიის თანამშრომლებს ნოემბრიდან ხელფასის მიღების პრობლემა დაუდგებათ, ახალი დირექტორი ვერ აირჩევა ახალი საბჭოს არჩევნებამდე”, – აცხადებს ნინო დანელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი