ახალი ამბები

ემზარ გოგუაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ GPB–ის ბორდის წევრების სატელეფონო საიბრები ისმინება

4 ოქტომბერი, 2013 • 1202
ემზარ გოგუაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ GPB–ის ბორდის წევრების სატელეფონო საიბრები ისმინება

როგორც ემზარ გოგუაძემ განაცხადა, ზეწოლა განხორციელდა პირადად მასზეც და საბჭოს სხვა წევრებზეც:

 

ემზარ გოგუაძე
ემზარ გოგუაძე

“მე შემხვდა ერეკლე ტრიპოლსკი და მითხრა, უნდობლობა არ გამომეცხადებინა ბარათაშვილისთვის, თორემ ბორდს მთლიანად დაშლიდა, არ ვიცი, საიდან გაიგო მან, ბარათაშვილთან დაკავშირებით რას ვაპირებდით. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კი სამჯერ შემომთავაზა იგივე”, – აცხადებს გოგუაძე. მან ზეწოლაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკთხებში ირაკლი ციბაძე.

 

გოგუაძის განცხადებით, ზეწოლა განხორციელდა ნინო დანელიაზე და ავთანდილ ანთიძეზე:

 

“ავთანდილ ანთიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მას აწუხებს გული, ის იწვა საავადმყოფოში, მე მასთან მისვლას ვერიდებოდი, თუმცა, როგორც ჩანს, სხვები არ ერიდებოდნენ. მან მითხრა, რომ მასთან მიდიოდნენ და სთავაზობდნენ სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს, იყო სხვა ტიპის ზეწოლაც, ანთიძე მთხოვდა შევხვედროდი შინაგან საქმეთა მინისტრს ამის თაობაზე, თუმცა მე მინისტრთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. მისმა პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, ასეთი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავო”, – აცხადებს გოგუაძე. მისი თქმით, მან შეხვედრის თხოვნით წერილები მისწერა პრემიერ–მინისტრს და პრეზიდენტსაც, თუმცა მათგან აღნიშნულზე რეაგირება არ მოჰყოლია.

 

რაც შეეხება ნინო დანელიაზე ზეწოლას, გოგუაძის თქმით, დანელიამ ამის შესახებ საბჭოს წევრების ელექტრონულ მისამართებზე წერილი გააგზავნა:

 

“დანელიამ მოგვწერა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ალბათ, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან, ამის შესახებ შეგიძლიათ თავად დანელიას კითხოთ, გვითხრა, რომ ასეთი ზეწოლა თქვენზეც იქნება და ფრთხილად იყავითო”, – აღნიშნა გოგუაძემ.

 

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე ერთ–ერთმა პირმა მას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორდის წევრების ტელეფონები ისმინება:

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ფაქტის შესახებ, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრების გაშიფრული ვარიანტი შევიდა ტყემალაძესთან კაბინეტში. მე არ მოველოდი ტყემალაძისგან, მან ბოლოს განმიცხადა, რომ ჩვენ იმიტომ დავრჩენილვართ თურმე, რომ ვიმღეროთ, სერენადების სიმღერის მეტი არაფერი შეგვიძლია”.

 

სამეურვეო საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით პარლამენტს უკვე მიმართეს საბჭოს წევრებმა ავთანდილ ანთიძემ და ეკა მაზმიშვილმა. იმ შემთხვევაში, თუ მათი განცხადებები დაკმაყოფილდება, საბჭო გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს, რადგან აღარ იქნება ქვორუმისთვის საჭირო შემადგენლობა, რაც მინიმუმ 8 წევრს გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი