ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, “ამ ძალზე მგრძნობიარე საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ”.

“იმ ქვეყნების პრაქტიკა, სადაც აბორტი არალეგალურია, აჩვენებს, რომ აკრძალვა იწვევს არა მათი რიცხვის შემცირებას, არამედ არალეგალური აბორტების ზრდას. ეს კი საფრთხეს უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, ხშირად, სიცოცხლესაც. აბორტის აკრძალვა განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანია ღარიბი და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის.
აბორტის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია არის არა აკრძალვა, არამედ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ნებისმიერი სხვა მიდგომა კიდევ უფრო გააუარესებს ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საქართველოში, გაზრდის დედათა სიკვდილიანობას, გააღრმავებს გენდერულ უთანასწორობას და გააასმაგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არასასურველი ორსულობის შედეგად გაჩენილ ბავშვებს ნაგვის საყრელზე ვპოულობთ. ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტა მჭიდრო კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, სოციალური უსაფრთხოების ზრდასთან, განათლების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასთან.
ჰარმონიული და უფლებებზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ორსულობა იქნება სასურველი და ყველა ქალის ფუნდამენტური უფლება იქნება დაცული. ამ ვითარების მიღწევა, რა თქმა უნდა, ადვილი ამოცანა არაა. მაგრამ პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოს მიზანი არ შეიძლება სხვანაირი იყოს”, – აცხადებს მარგველაშვილი.
ნინო ბურჯანაძე კი აღნიშნავს, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის:
“რომ არაფერი ითქვას დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და აქ აბორტის, როგორც ერთ-ერთი ფაქტორის, უარყოფით როლზე, თავისთავად სიცოცხლის

მოსპობა ჩანასახში უმძიმესი ქმედებაა, თუმცა აკრძალვა გამოსავალი არ არის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ იგი თავიდან ავიცილოთ. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი სოციალურ-ეკონომიკური გარემო, რაც აქ მცხოვრებთა მძლავრი, მრავალშვილიანი ოჯახების შექმნის წინაპირობაა; უნდა შეიქმნას არა მარტო ზოგადი პირობები, არამედ განსაკუთრებული მატერიალური სტიმულები ერის გამრავლების, ახალშობილთა აღზრდისა და მოვლის, ქალთა ჯანმრთელობის დაცვისთვის.
აღსანიშნავია განათლების უდიდესი მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით. სისტემატურად უნდა მოხდეს საზოგადოების გაცნობიერება და ინფორმირება, რომ ქვეყანა დეპოპულაციის საფრთხის წინაშეა. ერი უნდა გამოფხიზლდეს, დაირაზმოს, იგრძნოს პასუხისმგებლობა.
შესაძლოა, აიკრძალოს აბორტის გაკეთება პირველივე მისვლაზე, გადავადდეს გარკვეული გონივრული ვადით, რომლის დროსაც მიეცემა ახსნა-განმარტება, ჩატარდება საუბარი და სხვა შესაძლო ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ აბორტი. გარკვეული ზომებია მისაღები სქესის გამო აბორტების რიცხვის შესამცირებლად. გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევები, როდესაც აბორტის საჭიროება სამედიცინო ჩვენებით არის განპირობებული”, – ასეთია ბურჯანაძის პოზიცია.
მიხეილ–გელა სალუაშვილის განცხადებით, “ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა გარდა დედისათვის სასიცოცხლო რისკის არსებობის შემთხვევებისა, ქრისტიანული მორალურ-ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე აკრძალული უნდა იყოს”.

ზურაბ ხარატიშვილის თქმით კი, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პრაქტიკა მისთვის მიუღებელია, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის სიცოცხლის უფლებასთან.
“[აბორტი] დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან ჩასახვა სექსუალური ძალადობის შედეგად მოხდა”.

გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრებისთვის, როგორც ტრადიციული ღირებულებების ერთგული, მორწმუნე ადამიანებითვის, აბორტი ცოდვაა.
“სამედიცინო ჩვენების გარეშე ნაყოფის სიცოცხლის ხელყოფა განვითარების ნებისმიერ ეტაპზე დაუშვებელია. ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო დაბადებამდეც აქტიურად უნდა იცავდეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს და უფლებებს და ამისთვის, პირველ რიგში, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, ახალგაზრდა ოჯახებთან, მომავალ მშობლებთან ინტენსიური მუშაობაა საჭირო. ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, აბორტის საწინააღმდეგო კამპანია ეროვნული მნიშვნელობის საქმედ გვესახება. ქვეყმის დემოგრაფიული განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ე.წ. შერჩევითი აბორტები, ანუ სქესის დადგენის შემდეგ არასასურველი სქესის მქონე ნაყოფის სიცოცხლის შეწყვეტა. აბორტების საერთო რიცხვიდან მსგავსი აბორტების ოდენობა თითქმის ნახევარს აღწევს. საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს მსგავსი აბორტების განხორციელება”, – ამბობს იგი.
მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის’ ლიდერი სერგო ჯავახაძე აცხადებს, რომ აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების სექსუალური განათლების გაზრდა, რაც თავისთავად შეამცირებს დაუგეგმავი ორსულობების რაოდენობას.
“ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ნებადართული უნდა იქნას ექიმის რეკომენდაციით, მხოლოდ დედის ჯამრთლეობისა და სიცოხლისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში. შობადობის ზრდა, დემოგრაფიული სურათის შეცვლა, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევაა”.
ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ არის განთავსებული “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის პროგრამა. ვებ-გვერდზე prezidenti.ge წარმოდგენილია საპრეზიდენტო კანდიდატთა შეხედულებები საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, საზოგადოებაში მიმდინარე ეთიკური დებატების შესახებ. პროექტი ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს მიერაა დაფინანსებული და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს მსოფლიოს 27 სახელმწიფოში. NIMD-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა მუშაობს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციისა და დემოკრატიზაციის, დემოკრატიის განათლებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.







